პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'12 / 18:14

ფრაქციებისა და სპიკერატის დაკომპლექტების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია  – ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და უალტერნატივო კანდიდატად იყო წარდგენილი. 

15 საპარლამენტო კომიტეტიდან ცხრას ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრები ჩაუდგნენ სათავეში, ირაკლი ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" და რესპუბლიკელებმა 2–2 კომიტეტის ხელმძღვანელობა ჩაიბარეს, ხოლო თითო თავმჯდომარე ჰყავს მრეწველებსა და ეროვნულ ფორუმს:

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ვახტანგ ხმალაძე (რესპუბლიკური პარტია);
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – თედო ჯაფარიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირინა იმერლიშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – დავით ონოფრიშვილი (თავისუფალი დემოკრატები);
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ეკა ბესელია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი – ივანე კიღურაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ზურაბ ტყემალაძე (მრეწველები);
    აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გიგლა აგულაშვილი (რესპუბლიკური პარტია);
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ვიქტორ დოლიძე (თავისუფალი დემოკრატები);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – ზურაბ ზვიადაური (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი – ერეკლე ტრიპოლსკი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – გუბაზ სანიკიძე (ეროვნული ფორუმი);
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – ლერი ხაბელოვი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

ბიძინა ივანიშვილის მიერ თავდაპირველად წარდგენილ შემადგენლობაში ორი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, დეპუტატ ნოდარ ხადურის ნაცვლად, რომელიც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩა ზურაბ ტყემალაძე, რომელმაც ამ თანამდებობის დაკავებამდე უარი თქვა ვიცე–სპიკერის პოსტის დაკავებაზე; ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავდაპირველად წარდგენილი გია ცაგარეიშვილის, თავისუფალი დემოკრატების წევრის ნაცვლად, ზურაბ ზვიადაურმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩაიბარა, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრია.

თავმჯდომარეების არჩევამდე პარლამენტმა დადგენილებით განსაზღვრა, რომ კომიტეტებში 14–12 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. 14–წევრიან კომიტეტებში ქართული ოცნებიდან 8, ნაციონალური მოძრაობიდან კი 6 დეპუტატი შევა; ხოლო 12–წევრიან კომიტეტებში უმრავლესობას 7, საპარლამენტო უმცირესობას კი 5 დეპუტატი ეყოლება.
 
კომიტეტები პირველივე სხდომაზე აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს. სამი მოადგილიდან ერთ–ერთი უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს.

Civil.Ge © 2001-2024