უსუფაშვილმა პარლამენტის როლის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Oct.'12 / 14:51


ახალი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მომავალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში პარლამენტის შენობაში, 21 ოქტომბერი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური. 

ქვეყნის მართვის პროცესში ახალმა პარლამენტმა თავისი áƒ˜áƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ როლი უნდა განამტკიცოს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა, რომლითაც „ქართული ოცნება“ არის ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი, არ უნდა დაემგვანოს იმ თავის წინამორბედებს, რომლებიც „მორჩილ უმრავლესობად“ იწოდებოდნენ, განაცხადა პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 21 ოქტომბერს კოლეგების წინაშე გამოსვლისას.

„საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს“, – განაცხადა მან, „ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ მთავრობას უსიტყვოდ დავუმტკიცებთ ყველა კანონს ყველა ბიუჯეტს, ყველაფერს“.

„ამიტომ მთავრობასთან ჯანსაღი კონკურენცია, ჯანსაღი ოპონირება ეს იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მოვალეობა და არა მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა უნდა იყოს იმ პოლიტიკის განმხორციელებელი, რასაც პარლამენტი შეიმუშავებს.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა მოახერხოს ისეთი პრაქტიკის მოშლა, რასაც „ჩრდილოვანი ხელისუფლება“ ჰქვია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველობის წლებში შეძლო რამოდენიმე მიმართულებით სერიოზული წარმატების მიღწევა, ერთ–ერთი იყო ის, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას სერიოზულად აეხადა ფარდა და ლეგალიზებულია გადასახადები... ეს კარგია. მაგრამ სანაცვლოდ და პარალელურად ქვეყანაში ჩამოყალიბდა ჩრდილოვანი მმართველობა ანუ არაფორმალური მმართველობა, ანუ მმართველობა ტელეფონით, მმართველობა კანონების გვერდის ავლით, მმართველობა დაფუძნებული კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების ნებაზე, სურვილებზე და მეტზე არაფერზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ საქართველოში მმართველობა დაეფუძნოს კანონს დაეფუძნოს წესებს, დაეფუძნოს პროცედურებს. დიახაც, პროცედურებს, იმიტომ, რომ ერთ–ერთი მთავარი შეცდომა, რაც დაშვებული იყო წინა წლებში, იყო პროცედურულ დემოკრატიაზე ქილიკი“, – აღნიშნა მან.

უსუფაშვილის თქმით, ბოლო წლების კიდევ ერთი „შეცდომა“, რაც გამოსასწორებელია, უკავშირდება პარლამენტის მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფას ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის.

„პარლამენტი უნდა იყოს გამჭირვალე არა მხოლოდ მისი სახურავით, არამედ მისი საქმიანობით და ჩვენ პარლამენტში ეს უნდა, მე ვიტყოდი, აღვადგინოთ“, – განაცხადა მან.  

უსუფაშვილის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის სწორად განსაზღვრა პარლამენტის ერთ–ერთი „გამოწვევაა“ და ეს იქნება ის მიმართულება, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა უფრო ხშირად მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ, „ძალიან სერიოზულ მუშაობას“ საჭიროებს შემდეგი მიმართულებები: „საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, ევროკავშირთან თანამშრომლობის და ურთიერთობის რაც შეიძლება გაღრმავება და ეფექტურობის გაზრდა; იმ საფრთხეებთან გამკლავება, რომელიც საქართველოს ელის ოკუპანტი სახელმწიფოსგან. ის ახალი გამოწვევები, რომელიც რეგიონში იქმნება“. 

უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა „მეგობრებს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებიდან“  მათი „ძალიან კარგად გააზრებული და ძალიან კარგად აწონილ–დაწონილი შრომის“ გამო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის შემდეგ, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობამ ითამაშა უდიდესი როლი იმაში, რომ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ხერხდება.

„დიდი იყო ალბათობა ემოციურ ფონზე, დაპირისპირების ფონზე შეცდომის დაშვების და ეს შეცდომა შესაძლებელია დაშვებული ყოფილიყო ორივე მხრიდან. ჩვენმა მეგობრებმა აშშ–დან, ევროკავშირიდან, ევროპული სახელმწიფოებიდან, სხვებმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მართლაც დაედასტურებინათ ჭეშმარიტი მეგობრობა და თანადგომა ქართველი ხალხისადმი და არა რომელიმე ჩვენგანისადმი და რომელიმე ლიდერისადმი და მათი ეს დანაპირები, ვნახეთ რომ აღმოჩნდა ზუსტად ის, რასაც ისინი გვეუბნებოდნენ“, – განაცხადა მან და ასეთივე საკონსულტაციო რეჟიმში ურთიერთობების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ  ის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

„ის, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ცივილიზებული ფორმით მიდის ურთიერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად იყო 1 ოქტომბრამდე... [როცა] საქართველოში მიმდინარეობდა სრულსმასშტაბიანი ძალადობა ოპოზიციაზე, თავისუფალ აზრზე, თავისუფალ მედიაზე, ამომრჩევლებზე და ა.შ.“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლე უნდა დადგინდეს და ეს უნდა გაკეთდეს არა იმისთვის, რომ „საქართველოს ციხეები კიდევ უფრო კვალიფიციური და დიპლომიანი პატიმრებით აივსოს, ვიდრე დღეს არის“, არამედ იმისთვის, რომ მომავალში ასეთი შეცდომები თავიდან იქნას აცილებული.

„ჩვენთვის ნულოვანი ტოლერანტობა ნიშნავს არა ‘ყველანი ციხეში’ , არამედ ყველაფერზე სიმართლის თქმას“, – განაცხადა მან, „ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ თემებს და საარჩევნო პრობლემებს, პირველ რიგში [ეხება], ძალადობრივ დანაშაულებს, რომლებიც უამრავი იქნა ჩადენილი, სამწუხაროდ, და ჩადენილი იქნა სახელისუფლებო მაღალი ეშელონების წარმომადგენლების ზოგჯერ დავალებითაც კი“.

„ასეთი საკითხები უნდა იქნას გამოძიებული, თუ საჭიროა პარლამენტის კედლებშიც და სამართალდამცავ ორგანოებშიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გადავიდეთ ზღვარს“, – განაცხადა მან და იქვე განმარტა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის მოტივი არ უნდა გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებებში.   

ამიტომ მან მოუწოდა სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველა ასეთ საგამოძიებო საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს.

„დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება აქვს და დამარცხებული რჩება ბედის ანაბარა და არის იმ განცდების ქვეშ, რომელშიც ვიყავით მე და ჩემი კოლეგები 1 ოქტომბრამდე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ეს განცხადებები მან პარლამენტის თავმჯდომარედ áƒáƒ áƒ©áƒ”ვამდე გააკეთა. მას შემდეგ კი, რაც კოლეგების მხარდაჭერის შედეგად ქვეყნის მეორე პირის სავარძელი დაიკავა, მისი პირველი განცხადება ირინა ენუქიძის, მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის ხსოვნის პატივისცემას მიეძღვნა.

„ქართული ოცნება“ გეგმავს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან ერთად გამოიძიებს იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელთა გამოძიებაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, მათ შორის 2005 წელს ყოფილი პრემიერ–მინისტრის  და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას (მისი ძმა გოგლა ჟვანია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა პარლამენტში) გარდაცვალების გარემოებებს.

ამ კომისიას დიდი ალბათობით დეპუტატი თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და დავით უსუფაშვილის მეუღლე, ჩაუდგება სათავეში.

დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პარლამენტი არ უნდა „მოწყდეს თავის ამომრჩეველს“ და მისი საკანონმდებლო საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს „კონკრეტულ ადამიანზე, მათი პრობლემების გაუმჯობესებაზე“. „უნდა გავაგრძელოთ [მიღებული კანონების აღსრულების] კონტროლი და ვნახოთ, რა ეფექტი გამოიღო ჩვენმა გადაწყვეტილებებმა“, – დასძინა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება იქნება საქართველოსთვის „მყარი კონსტიტუციური საფუძვლის“ შექმნა, რათა ქვეყნის მთავარ კანონში ხშირი ცვლილებების შეტანა, არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, გართულდეს და „კონიუქტურას აღარ მოერგოს კონსტიტუციური საფუძვლები“. 

Civil.Ge © 2001-2024