თავდაცვის მინისტრის სამი მოადგილე დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Oct.'12 / 17:16


მარცხნიდან მარჯვნივ: ლევან დოლიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი; მისი მოადგილეები ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭკორი. თავდაცვის სამინისტროს ფოტო

ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისი სამი მოადგილე 31 ოქტომბერს წარადგინა და განაცხადა, რომ áƒ¡áƒ®áƒ•áƒ მოადგილეების ვაკანტური თანამდებობის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები გრძელდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე გახდა, რომელიც მანამდე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორად მუშაობდა. იგი ვიქტორ დოლიძის ძმაა. ეს უკანასკნელი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატია, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს; ვიქტორ დოლიძე ალასანიას მიერ დაფუძნებული პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრია.

ალასანიას თქმით, ლევან დოლიძე რეფორმებს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ამაღლების საკითხებს გაუწევს კოორდინირებას და იმავდროულად, თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც შეასრულებს. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე გახდა ალექსანდრე ბურჭულაძე, რომლის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო დისციპლინის და კონტროლის დამყარება იქნება. ბურჭულაძე ბიზნეს–საკონსულტაციო ფირმის Innova–ს დამფუძნებელია, რომელსაც ის 2012 წლის 29 ოქტომბრამდე ფლობდა. 2010–2011 წლებში ბურჭულაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.

ირაკლი გეგეჭკორი, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და დაზვერვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, თავდაცვის მინისტრის მესამე მოადგილე გახდა. 2006-2007 წლებში ირაკლი გეგეჭკორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა 31 ოქტომბერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაერთიანებული შტაბის მეთაურის შეცვლასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ახალი მთავრობის მიერ მოვალეობების შესრულების დაწყებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის მეთაურად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა.

ალასანიას თქმით, კონსულტაციები რამდენიმე დღეში დასრულდება და გაერთიანებულ შტაბს ახალი მეთაური ეყოლება.

Civil.Ge © 2001-2024