ბაჩო ახალაია დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Nov.'12 / 11:06

ბაჩო ახალაია, რომელსაც 2005 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე გუშინ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, განუცხადა მისმა ადვოკატმა მთავარი პროკურატურის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს შუაღამის შემდეგ. 

დავით დეკანოიძის თქმით, ბაჩო ახალაიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა გამოძიების დაწყების საფუძველი აბსურდულია. „საქმე ეხება თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში რამდენიმე განთავისუფლებული თანამშრომელი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მან თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე პირის თანდასწრებით. ეს გახლდათ ბაჩო ახალაიას დაკავების საფუძველი; და ეს არის აბსურდული საფუძველი“, – განაცხადა მან.

ახალაია, რომელიც 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, ვიდრე თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, 2012 წლის ივლისში შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მას შემდეგ, რაც პატიმართა ცუდი მოპყრობის თაობაზე ვიდეოები გავრცელდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ახალაია იძულებული გახდა სექტემბერში თანამდებობა დაეტოვებინა.

ახალაიამ, რომელმაც გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა და მზად არის მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა „აბსურდულ“ და „სულელურ“ ბრალდებას უპასუხოს.

6 ნოემბერს საღამოს ახალმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ახალაია მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე „მოწმის სახით“ დაიკითხება.

ახალაია პროკურატურაში 6 ნოემბერს 20:30 საათზე მივიდა; თავდაპირველად მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, თუმცა დაკითხვიდან ორ საათში მისი ადვოკატი პროკურატურაში მივიდა.  

ადვოკატმა დავით áƒ“ეკანოიძემ განაცხადა, რომ გამოძიება პროკურატურამ 5 ნოემბერს დაიწყო და „დღეს ის უკვე დააკავეს“.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილით, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას ეხება არაერთგზის; ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

ახალაიას ბრალი დაკავებიდან 48 საათში უნდა წაუყენონ, განაცხადა ადვოკატმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალაიასთვის არ უკითხავთ არაფერი მისი სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე მსახურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი მინაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის იმ რამდენიმე წევრს შორის იყო, რომლებიც დაკითხვის შედეგს პროკურატურის წინ ელოდნენ, განაცხადა, რომ ახალაიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მე მგონი ყველამ დაინახა, რომ ეს იყო სრული ფარსი... ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ თვითონ ეს ხალხი [ახალი ხელისუფლება] არის ძალიან მშიშარა; გუშინ ადამიანი დაბრუნდა საქართველოში, ესენი დაფრთხნენ; გუშინ აღძრეს საქმე და დღეს უკვე დააკავეს ადამიანი. ეს პირიქით ამათ შეუბრუნდებათ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ესენი არიან ძალიან სუსტები და სისუსტის გამო ძალიან მალე გატყდებიან“, – განაცხადა მინაშვილმა. 

Civil.Ge © 2001-2024