პროკურატურამ გაერთიანებული შტაბის უფროსი, მე–4 ბრიგადის მეთაური დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Nov.'12 / 11:34

ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ, პროკურატურამ გამთენიისას ასევე დაკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე–4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

მათ ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც ასევე ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

„ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის [ამჟამინდელ] უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე–4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 6 სამხედრო მოსამასახურეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ–ერთ სამხედრო პირს, დანის ტარი თავში ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ, ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე–4 ბრიგადაში გადაიყვანა. აქ ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სამხედრო მოსამსახურეებს, რის შემდეგაც დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მე–4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის, დაახლოებით, 20–30 კაცის წინაშე, ეზოში ე.წ. „პლაცზე“ მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს დილით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე თქმით, დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წაყენებიათ, თუმცა ეს მოხდება კანონით გათვალისწინებულ 48–საათიან ვადაში. 

მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები გასაჯაროვდება უახლოეს დროში იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდზე მათი განთავსების გზით.  áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ•áƒ” ინფორმაციით, ექვსი სამხედრო პირიდან, ხუთი მოწმეა დაკითხული, ხოლო მეექვსე არა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.

„ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, თუმცა ჩვენ ძირითადად სწორედ აი ამ ჩვენებების საფუძველზე მოვახდინეთ რეაგირება“, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, თუ რა ტიპის „სხვა მტკიცებულებები“ აქვთ ხელთ.

„მინდა ვთქვა ისიც, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავარ პროკურატურაში არის მრავალი განცხადება მრავალი ეპიზოდის შესახებ, რომლებშიც მოცემული პირები იმხილებიან დანაშაულში, თუმცა დაკავების საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რაზეც მე მოგახსენეთ“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, სხვა ეპიზოდებს, რომლებზეც ასევე მიმდინარეობს გამოძიება, იმ შემთხვევაში მიეცემა მსვლელობა, თუ ისინი გამაგრებული იქნება მყარი მტკიცებულებებით.

„გამორიცხული არ არის, რომ გამოიკვეთოს სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც“, – განაცხადა კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე.  

სამივე დაკავებული ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

გაერთიანებული შტაბის ამჟამინდელი უფროსი გიორგი კალანდაძე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ახალი მთავრობის მიერ მოვალეობების შესრულების დაწყებამდე პერიოდში დანიშნა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ამ თანამდებობას დატოვებდა, თუმცა მან ეს პოსტი შეინარჩუნა. მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლო.

32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე 2007–2009 წლებში მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო; 2009 წელს იგი დააწინაურეს და სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილედ დანიშნეს; ერთი წლის შემდეგ იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. პარალელურად, იგი 2011 წლამდე სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობებსაც ასრულებდა.

კალანდაძე გამთენიისას თავდაცვის სამინისტროში áƒ“ააკავეს.

„დაკავება მოახდინა პირადად იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა თავდაცვის სამინისტროში, სადაც გამოუძახეს გიორგი კალანდაძეს, გაერთიანებული შტაბის უფროსს სამსახურეობრივი მოტივით. ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რომ აი ასე მოხდა მისი დაკავება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ასე თვლის თვითონ და ასე მიგვაჩნია ჩვენც“, – განაცხადა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ, რომელიც ახალაიასთან ერთად კალანდაძის უფლებებსაც იცავს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული შტაბის მეთაურის დაკავებისას და მისი პირადი ჩხრეკისას, რაც „ნორმალურ, მშვიდ გარემოში“ განხორციელდა, ყველა უფლება იყო დაცული. კერძოდ, მისი თქმით, áƒ™áƒáƒšáƒáƒœáƒ“აძეს მიეცა საშუალება, თუმცა არ გამოუყენებია, რომ პირადი ჩხრეკის დროს გამოეძახებინა დამსწრე პირები, მაგრამ მან ისარგებლა სატელეფონო ზარის უფლებით და შესაძლებლობა მიეცა განეხორციელებინა რამოდენიმე ზარი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ასევე იგეგმებოდა მისი ორივე ბინის ჩხრეკა, თუმცა მთავარ პროკურორთან შეთანხმებით „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არ მომხდარიყო მისი საცხოვრისის ჩხრეკა, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი და ეს ჩხრეკა გადაიდო გათენებამდე, რათა ოჯახს არ განეცადა ის დიდი სტრესი, რაც შეიძლება იყოს ღამით ჩხრეკის ჩატარება“.

წულუკიანმა განაცხადა, რომ კალანდაძის „დაცვის უფლება დაკითხვისას და შემდგომი საპროცესო საგამოძიებო ქმედებებისას, რა თქმა უნდა, იქნება ბოლომდე დაცული“.


 

Civil.Ge © 2001-2024