საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Nov.'12 / 19:11

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გაასაჯაროვა, რომ შემოსავლების სამსახურმა ორგანიზაციის შემოწმება დაიწყო, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბიუჯეტის წინაშე 3.8 მლნ ლარის ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ.

„2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააგროვა 3.8 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა და რაც გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და შევამოწმოთ რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა“, – განაცხადა ხადურმა 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნით ადრე პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გია ჭანტურიამ მოიწვია, სადაც განასაჯაროა საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო ორგანოების მიერ რევიზიის დაწყების ფაქტი.

„ეს ყველაფერი კანონის ფარგლებშია, ჩვენ არ ვამბობთ, რომ აქ რამე ირღვევა, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა არის“, – განაცხადა ჭანტურიამ. 
 
ფინანსური შემოწმება 6 ნოემბრიდან დაიწყო ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ბრძანების საფუძველზე.

ჭანტურიას თქმით, ეს უჩვეულო ფაქტია იმის გამო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის შემოწმების პრეროგატივა აქვს აუდიტის სამსახურს და 90–იან წლების შემდეგ ეს ორგანიზაცია საგადასახადო ორგანოებს არ შეუმოწმებია. მისი თქმით, კითხვები ჩნდება იმის გამოც, რომ თავად ფინანსთა სამინისტროს ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება არ მოუხდენია. „მათ მთხოვეს, რომ არ განმესაჯაროებინა ინფორმაცია რევიზიის შესახებ“, – განაცხადა ჭანტურიამ.

მოგვიანებით ნოდარ ხადურმა დაადასტურა, რომ შემოსავლების სამსახურმა დაგროვილი დავალიანების საფუძველზე დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება, რაც მისი თქმით, კანონით დადგენილ ვადაში –  1 თვეში დასრულდება და საზოგადოება იქნება ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ.

„კარგად გვესმის, რომ საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქმე ეხება მედიას, ამიტომ ჩვენ თანამშრომლებს, ოფიცრებს მიცემული აქვთ დავალება, რომ ხელი არ შეუშალონ მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას, იყვნენ ძალიან კეთილგანწყობილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

„დღეიდან საქართველოში არ იარსებებს არცერთი პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს“, – აღნიშნა მან. 

ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ყოფილმა მთავრობამ „ვერ მოასწრო“ საზოგადობრივი მაუწყებლისთვის ამ დავალიანების ჩამოჭრა, განსხვავებით სხვა რამოდენიმე ტელეკომპანიისაგან.

მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“–ს, „იმედს“, „რეალ ტვ“–ის, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ჯამში, დაახლოებით, 20 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეჭრათ.

ამ ინიციატივით ყოფილი მთავრობის ფინანსთა მინისტრი 15 ოქტომბერს გამოვიდა, ვიდრე ტელეკომპანია "იმედი" მის მფლობელს დაუბრუნდებოდა. 2010 წლის ივლისში განხორციელებული ანალოგიური ინიციატივის ფარგლებში ნაციონალურ და რეგიონალურ მაუწყებლებს, დაახლოებით, 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერათ, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაახლოებით, 9 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეჭრა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წელს 49.6 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს. ახალი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2013 წელს 31.8 მლნ ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. ეს კლება შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი რუსულენოვანი არხის ფუნქციონირების გაგრძელების ირგვლივ არსებული გაუგებრობით.

Civil.Ge © 2001-2024