თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ახალაიასგან განსხვავებით, გაერთიანებული შტაბის მეთაურს გიორგი კალანდაძეს და მე–4 ბრიგადის ყოფილ მეთაურს ზურაბ შამათავას მიმართ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს, მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც 20 ათას ლარს გადაიხდის თითოეული გირაოს სახით. წინა სასამართლო მოსმენა საქმესთან დაკავშირებით 25 დეკემბერს დაინიშნა, რასაც ორ კვირაში არსებითი სასამართლო განხილვის დაწყება მოჰყვება. ადვოკატები სამივე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ ან ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატთა 31–წევრიანი ჯგუფის თავდებით გათავისუფლებას ითხოვდნენ. შამათავასა და კალანდაძის თავდებში დადგომის მზადყოფნა ასევე გამოთქვა „გენერალთა კლუბის“ 40-მა წარმომადგენელმა, მათ შორის კობა კობალაძემ. ბრალდების მხარე კი სამივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარის კიდევ ერთი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ახალაიას შესაძლოა დაეტოვებინა ქვეყანა. ახალაიამ, რომელმაც გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა „აბსურდული“ და „სულელური“ ბრალდებისთვის პასუხი გაეცა. მომდევნო დღეს ის პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად და დააკავეს. ახალაიას „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლითაც აქვს ბრალი წაყენებული ცალკე ეპიზოდზე, რომელიც ეხება 2011 წლის სექტემბერში მის სავარაუდო მონაწილეობას დაზარალებულის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს მუხლი 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე ეპიზოდში ფიგურირებს გიორგი კალანდაძეც, რომლის მიმართაც გამოძიება სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებაზე მუშაობს, ისევე როგორც, პროკურატურის განცხადებით, კიდევ ერთი ფიგურანტის, სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ საკმარისი ინფორმაცია არსებობს ამ საქმეზე წარმოების დასაწყებად. |
|||
Civil.Ge © 2001-2025