ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ‘გადაიდო’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Nov.'12 / 17:03

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თავდაპირველად ნოემბერში იგეგმებოდა, გაიდაიდო, განაცხადეს საქართველოს ელჩმა ნატოში და მთავრობის წარმომადგენლებმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელიც სამხედრო საკითხებში რეკომენდაციებს აძლევს ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება.

ინფორმაცია ვიზიტის გადადების შესახებ პირველად ნატოში საქართველოს ელჩმა გრიგოლ მგალობლიშვილმა გაავრცელა 8 ნოემბერს. 

„ეს ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად 28–ვე ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელი და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იღებს ხოლმე ამგვარ ვიზიტებში მონაწილეობას და ძალიან სამწუხაროა, რომ ალიანსის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ ვიზიტის გადადების შესახებ“, – განუცხადა მგალობლიშვილმა, რომელიც 2008 წლის ბოლოს და 2009 წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ–მინისტრი იყო სამი თვის მანძილზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ტელეფონით ბრიუსელიდან 8 ნოემბერს.   

კითხვაზე უკავშირდებოდა თუ არა ვიზიტის გადადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას, მგალობლიშვილმა უპასუხა: „როდესაც ამ მასშტაბის ღონისძიების გადადება ხდება, ბუნებრივია, რომ ის უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას“.

საქართველოს ახალმა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა 9 ნოემბერს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ნატოს დელეგაციის „მთავარი მიმღები მხარეა“. მისი თქმით, მართალია ვიზიტი გადაიდო, მაგრამ მისი გამართვის თარიღი „მოკლე დროში“ გადაწყდება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი დაინიშნება.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე 7 ნოემბერს დააკავეს და ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის ბრალი წაუყენეს 2011 წლის ოქტომბერის საქმეზე, როდესაც ის გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. ამავე საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს მე–4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თუმცა ახალაიას სხვა მუხლითაც áƒ“აუმძიმეს ბრალი.   

32 წლის გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში. ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა ახალ მთავრობასთან ერთად 25 ოქტობერს დაამტკიცა, განაცხადა 2 ნოემბერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კალანდაძის ჩანაცვლების თაობაზე.

ნაციონალური მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის გიორგი კალანდაძის დაკავება ახალი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მცდელობას უკავშირდება, რომ მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრი დანიშნოს შტაბის უფროსად. დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მინისტრია ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, განაცხადა, რომ „სასაცილო ბრალდებით“ კალანდაძის დაკავებამ მხოლოდ ზიანი მოუტანა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება მოყვა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და ევრო–ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად 12–14 ნოემბერს ბრიუსელს ეწვევა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილი 14 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება და ევროკავშირს და ნატოს პრინციპული პოზიცია გააჩნიათ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილ ვიზიტს. 

Civil.Ge © 2001-2024