წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო ცდილობს განტვირთოს სტრასბურგის სასამართლო ქართული საქმეებისგან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Nov.'12 / 18:52

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა áƒ’ანაცხადა, რომ საქართველომ „პირველად შეთანხმებას“ მიაღწია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან, რათა საქართველოდან გაგზავნილ, დაახლოებით, 700 დასაბუთებული საქმისგან ევროპული სასამართლოს განტვირთვა მოხდეს.

„ეს საქმეები ადრე თუ გვიან მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის დარღვევის გადაწყვეტილებას და ბიუჯეტიდან გვექნება ძალიან დიდი თანხები გადასახდელი“, - განაცხადა წულუკიანმა, „ამ მიმდინარე საქმეებზე, როგორც კი მათ შესახებ ინდივიდუალურად შეგვატყობინებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას მომჩივან მხარესთან საქმის მორიგების თაობაზე“. 

ამ მექანიზმების შესახებ პირველადი შეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შედეგად იქნა მიღწეული, განაცხადა წულუკიანმა, რომელიც მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სტრასბურგს  22-23 ნოემბერს სტუმრობდა.

წულუკიანის თქმით, პოტენციურ საქმეებთან დაკავშირებით ასევე შედგა შეთანხმება, რომ იუსტიციის სამინისტრო შეეცდება ეს საქმეები მოაგვაროს ქვეყნის შიგნით მანამ, სანამ ისინი გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში.

მისი თქმით, თუკი მომჩივნებს საქართველოდან მიაჩნიათ, რომ „ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაჩნდა შანსი იმისა, რომ მათი კონკრეტული საქმე ქვეყნის შიგნით მოგვარდეს“, სამინისტრო „კონსტრუქციულად“ სთავაზობს მათ, რომ გაცილებით მოკლე ვადაში გააკეთებს ამას, ვიდრე არსებული პროცედურების გათვალისწინებით სტრასბურგის სასამართლო შეძლებს.

გირგვლიანის საქმე

თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მან ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტთან გამართულ შეხვედრაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულების გეგმა წარადგინა.

„ჩვენ გვევალება, რომ თავიდან გამოვიძიოთ ეს საქმე“, - განაცხადა წულუკიანმა, რომელიც 2010 წლის მაისამდე, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მოვიდოდა, სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.

მისი თქმით, წარდგენილი გეგმა გულისხმობს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომელიც აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რომელზეც სასამართლომ გირგვლიანის საქმის განაჩენში მიუთითა და ასევე მოიცავს ხელახალი „საგამოძიებო მოქმედებების პირველ ტალღას“.

მან განაცხადა, რომ „გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე“ თვის ბოლომდე ზუსტად ვერ დაასახელებს იმ ნაბიჯებს, რასაც პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები გირგვლიანის საქმის გამოძიების პროცესში გეგმავენ, თუმცა გზადაგზა „ყველა ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, გამჭირვალე საზოგადოებისთვის“.

წულუკიანის თქმით, აღსრულების კომიტეტს იუსტიციის სამინისტრო 31 იანვრამდე წარუდგენს პირველ ანგარიშს, თუ „როგორ წავიყვანეთ ახალი გამოძიება გირგვლიანის საქმეზე“. 

საქართველოს წინა მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ყოფილი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მისთვის სასამართლოს პირდაპირ არ დაუვალებია ეს, ხოლო განაჩენი იმ ნაწილში, რაც გირგვლის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდას გულისხმობდა, აღასრულა. 

სტრასბურგის სასამართლომ თავის განაჩენში ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. 

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს ორი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი აქვს წარმოებაში: რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ერთი სარჩელი ეხება ხუთი წლის წინ რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას, ხოლო მეორე სარჩელით საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ედავება.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, áƒ“ეპორტაციის საქმეზე გადაწყვეტილება, რომლის შინაარსიც უცნობია, უკვე მიღებულია და მისი გამოქვეყნება დიდი ალბათობით მოხდება „ძალიან მალე“. 

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე დასრულდება ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იქნება დაცული“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ომთან დაკავშირებული საქმე, მისი ინფორმაციით, „ჯერ კიდევ შორს არის პროცედურის დასასრულისგან“.  

„თუმცა ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო წარმოვადგენთ სახელმწიფოს ამ საქმეზე და ბოლომდე კომპეტენტურად მივდევთ ამ საჩივარს ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

Civil.Ge © 2001-2025