სოროსი თბილისში ივანიშვილს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Dec.'12 / 16:55


ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) და ჯორჯ სოროსი (მარჯვნივ) თბილისში შეხვედრის დაწყებამდე, 1 დეკემბერი. ფოტო: საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელს  ჯორჯ სოროსს, რომელიც თბილისს სტუმრობს, დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის áƒ‘იზნეს ცენტრში უმასპინძლა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

მანამდე ჯორჯ სოროსი საქართველოს 2005 წლის მაისში სტუმრობდა.

„ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება [იანვრის ბოლოს]“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ფონდმა ღია საზოგადოება საქართველო, რომელიც სოროსის ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრია, განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსი საქართველოს კერძო ვიზიტით ეწვია.

„არ არის გამორიცხული, რომ  ახალი პოლიტიკური რეალობის გაცნობის მიზნით, ჯორჯ სოროსი შეხვდეს პოლიტიკურ ლიდერებსაც“, – განაცხადა ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ 28 ნოემბერს, სოროსის ვიზიტამდე გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე განცხადებაში, ფონდმა პასუხი გასცა ზოგიერთ  მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ სოროსი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას გეგმავდა. „ჯორჯ სოროსი და ფონდი  ‘ღია საზოგადოება-საქართველო' არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024