საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Dec.'12 / 14:48

საერთაშორისო გამჭვირვალობის 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 51-ე ადგილი უკავია 176 ქვეყანას შორის.

საქართველომ 2012 წლის კვლევაში, რომელიც 5 დეკემბერს გამოქვეყნდა, 52 ქულა მიიღო 100-ქულიან შკალაზე.

ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობის 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 64–ე ადგილი დაიკავა, თუმცა საერთაშოთისო გამჭირვალობამ განაცხდა, რომ ვინაიდან 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით იქნა შედგენილი, ეს წლევანდელი მაჩვენებლების წინა წლების მონაცემებთან შედარების საშუალებას არ იძლევა.

2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეიტინგში 51-ე ადგილს იყოფს სეიშელის კუნძულებთან, თუმცა უსწრებს ამ რეიტინგში ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს და ოდანვ ჩამორჩება რუანდას, ლიტვას, კოსტა-რიკასა და უნგრეთს.

„საქართველომ 2004 წლის შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლის მხრივ. წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად გაუჩინარდა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებიდან“, – განაცხადა "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" 5 დეკემბერს. 

„ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობა და გაიზარდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა მთელ რიგ სფეროებში. ამის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითებს შორისაა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, და ეფექტიანი მომსახურება, რომელსაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლები უწევენ. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვების ინოვაციური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული მმართველობის მექანიზმების შემოღება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ 2004-2012 წლებში კვლავაც აღინიშნებოდა „სერიოზული ნაკლოვანებები ქვეყნის ანტიკორუფციულ სისტემაში“.

"პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტემ შეარყია ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების დემოკრატიული სისტემა და აღმასრულებელი შტოს დომინირება გამოიწვია. რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყება, მათ შორის პროკურატურა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, არასაკმარისად დამოუკიდებელი იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა“, – განაცხადა "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ".

„აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები სათანადო ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გარეშე მუშაობდნენ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიდა. ზოგიერთ ინსტიტუტს, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმებისთვის გვერდის ავლის საშუალება ჰქონდა. სახელმწიფოს მართვის დაუბალანსებელმა სისტემამ სახელმწიფო სამსახურების უკიდურესი პოლიტიზირება გამოიწვია, რის აშკარა მაგალითებს ხშირად ვხვდებოდით განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა მან.

ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს პარლამენტის როლი ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით;  ხელი შეუწყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, რაც მოითხოვს სასამართლოების მიერ კანონით დადგენილი ყველა პროცედურის დაცვას და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს (განსაკუთრებით ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას); შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება; უზრუნველყოს ისეთი საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების პროფესიონალური და მიუკერძოებელი საქმიანობა, როგორიცაა პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და მარეგულირებელი კომისიები, აგრეთვე თავი შეიკავოს ამ უწყებების საქმიანობაში არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევისგან; გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და გაზარდოს მათი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება პირდაპირი არჩევნების შემოღების გზით.

Civil.Ge © 2001-2024