მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, პაატა ლეჟავა 13 დეკემბერს მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა ბიზნესმენის ცემასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საქმე ეხება 23 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის ვანის პარტიული ოფისის შენობაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, პროკურატურის ცნობით, ბიზნესმენი მამუკა შარაშენიძე იმის გამო, რომ მან „საჯაროდ გამოთქვა კრიტიკული და მწვავე შეფასებები ციხის ცნობილ სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით“, სცემეს, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. პროკურატურა 12 დეკემბერს ასევე იტყობინება, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მის სამხარეო მთავარ სამმართველოში ვანის მაჟორიტარის დაბარება უკავშირდება ამავე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს პაატა ლეჟავას და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით კაკაბაძის მიმართ. პაატა ლეჟავას, რომელიც ბოლო სამი მოწვევის პარლამენტის წევრია ნაციონალური მოძრაობიდან, სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. |
|||
Civil.Ge © 2001-2025