აშშ–ის ხაზინის მდივნის მეორე მოადგილე თბილისში ირანის წინააღმდეგ სანქციები განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'12 / 18:47

ლუკ ბრონინი, აშშ–ის ხაზინის მდივნის მეორე მოადგილე ტერორიზმის უკანონო დაფინანსებისა და ფინანსური დანაშაულის საკითხებში, 12-13 დეკემბერს თბილისს სტუმრობდა, რათა ირანის მიმართ დაწესებული სანქციები განეხილა.

საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მხარეებმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტრ–ტერორისტული ოპერაციების დაფინანსების საკითხები განიხილეს, აგრეთვე ხაზი გაუსვეს ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების განუხრელი და ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას, განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში.

კვირის დასაწყისში ბრონინმა ამავე თემაზე შეხვედრები ბაქოშიც გამართა.

„მზარდი ფინანსური ზეწოლის ფონზე, ირანი შეეცდება, სანქციებისათვის თავის არიდების მიზნით, ახალი ურთიერთობები ეძებოს. ირანი ჭკვიანი და მატყუარაა. ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვა ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, აქ, საქართველოში, მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ სერიოზული რისკები, რომელიც ირანთან საქმიან ურთიერთობას უკავშირდება“, - განაცხადა ბრონინმა

„აშშ–სთვის ძვირფასია საქართველოსთან ურთიერთობა და აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას უკანონო ფინანსებთან ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024