ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედროს „ძიება-გადარჩენის“ ოპერაცია მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'12 / 13:44

ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან  19 დეკემბერს ჯარისკაცი ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა, რომლის „ძიება- გადარჩენის“ ოპერაციასაც საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა ახორციელებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს.

ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტულ დეტალებს სამინისტრო არ ასახელებს, ისევე როგორც არ ასაჯაროებს  ქართველი ჯარიკაცის ვინაობას, თუმცა აცხადებს, რომ გაუჩინარებული სამხედროს ოჯახი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

„ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ISAF–ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობა ოქტომბრიდან 1 571 სამხედრომდე გაიზარდა, რითიც საქართველო ავსტრალიასთან ერთად ნატოს ის უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში.

საქართველომ ავღანეთში 18 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო.
 

Civil.Ge © 2001-2025