ივანიშვილი აცხადებს, რომ ბაქო–ყარსის რკინიგზის მშენებლობა ‘კითხვებს ბადებს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Dec.'12 / 16:43

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან დააკავშირებს საქართველოს გავლით, გარკვეულ კითხვებს ბადებს და იგი ამ საკითხს ბაქოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან დააყენებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია პრემიერ–მინისტრის განცხადების გამო და რომ ეს საქართველოს სტარტეგიულ ინტერესებს და ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა რკინიგზის პროექტზე, რომლის მშენებლობაც 2007 წელს დაიწყო, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც 21 დეკემბერს გამოქვეყნდა. მან უპასუხა კითხვას საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალზე. 

„გეოპოლიტიკურად მართლაც საინტერესო ადგილი გვიჭირავს და, რა თქმა უნდა, ამ პოტენციალს გამოყენება უნდა. აქაც საკმაოდ რთულად არის საქმე და აქაც ბევრია სამუშაო, რადგან სხვა სახელმწიფოებიც ზრუნავენ, რომ მარშრუტები თავისკენ გადაიტანონ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს“, – განაგრძო ივანიშვილმა, „ამაზე, შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება. ეს კი მარტივი არ იქნება, რადგან პროცესი უკვე დაწყებულია და მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ამას დასაწყისში სჭირდებოდა კარგი საზოგადოებრივი ანალიზი და ამაში ექსპერტების ჩართვა იყო საჭირო. მშენებლობის დაწყებამდე ეს პროცესი უფრო ადვილი იქნებოდა, ახლა კი ძალიან ძნელია“.

„მეზობლებსა და წინა ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ამავე დროს აქ არის კითხვები და ამას პასუხი სჭირდება“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას „პატრონობა და სწორი გამოყენება უნდა“. „ამისთვის ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ. ამ მიზანს ემსახურება ჩემი ვიზიტები აზერბაიჯანში. ასევე შემდეგ ვაპირებ სომხეთში ჩასვლას, ამის შემდეგ თურქეთში და ა.შ.“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთთან პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს ტრანზიტის და ეკონომიკური საკითხების თვალსაზრისით და დასძინა, რომ სატრანზიტო მარშრუტებთან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან დისკუსიების ნაწილი იქნება.

„რუსეთთან, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, სატრანზიტო საკითხებზეც გვექნება მსჯელობა და ესეც დასალაგებელია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„ამის პირობას და გარანტიას ვაძლევ მოსახლეობას, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ გამჭვირვალედ. რაც მთავარია, დაცული იქნება მხოლოდ ქვეყნის ინტერესები და არა გუნდის ინტერესები. ძალიან ხშირად მთავრობები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებიც, ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს მხოლოდ საკუთარი ჯიბის პრიორიტეტებად ხდიდნენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის განცხადების საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 21 დეკემბერს, რომ ამგვარი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტების მიმართ საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკას არ შეესაბამება.

„ძალიან შემაშფოთა ამ განცხადებამ ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვის თაობაზე და იმაზე, რომ შესაძლოა შეჩერდეს ეს მშენებლობა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის რკინიგზა, რომლიც საშუალებას გვაძლევს, რომ  რუსეთის გვერდზე ავლით დავუკავშირდეთ ევროპას“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „მიდის მოლაპარაკებები იმაზე, რომ რაღაცის სანაცვლოდ მთლიანად გადავიდეთ რუსულ ელექტორენერგიაზე“, რაც მისი თქმით, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობას.

„ეს ორივე გადაწყვეტილება და განცხადება მთავრობის და პრემიერ–მინისტრის, გვაშორებს ჩვენ ევროპიდან პირდაპირ და გვაკავშირებს კაბალური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა მან.

„ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო წლებში და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ევროპული კურსი გვაქვს, ნატო გვინდა, თუ რეალურად აკეთებ იმას, რაც ეხლა ავხსენი ან აპირებ ამის გაკეთებას, მაშინ ძალიან კარგად მესმის, თუ რატომ მიესალმა გუშინ პუტინი საქართველოს მთავრობიდან პოზიტიურ სიგნალებს“.

„პუტინისთვის მთავარია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად მივებათ, ტრანსპორტის თვალსაზრისით მივებათ, სტრატეგიულად მივებათ და თუ ეს ყველაფერი მოხდა, მერე რამდენიც გვინდა ვიძახოთ, რომ ნატო გვინდა ან ევროკავშირი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ეს საკითხები გადაიხედოს და საერთოდ ამ თემაზე სერიოზული საზოგადოებრივი განხილვა მოხდეს და არანაირი გადაწყვეტილებები მთავრობამ ამ მიმართულებით არ მიიღოს“.

Civil.Ge © 2001-2024