სახალხო დამცველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jan.'13 / 20:18

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეომასალებში გამოყენებული დაფარვის საშუალებები ვერ უზრუნველყოფენ მასალაში ასახული ადამიანების დაცვას იდენტიფიკაციისგან, რომლებიც, პროკურატურის განცხადებით, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი იყვნენ.

მთავარმა პროკურატურამ 14 იანვარს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ათობით ფარული ვიდეო ჩანაწერი გააკეთა, სადაც ასახულია „საზოგადოებისათვის ცნობადი მამაკაცების“ სექსუალურ კავშირი სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებთან, რაც შემდგომში მათი დაშანტაჟებისთვის გამოიყენებოდა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალები, თავის მხრივ ნაჩვენები იყო ზოგიერთი ქართული ტელეარხის მიერ, რამაც ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის და ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში გამოყენებულია დაფარვის საშუალებები, აღნიშნული საშუალებების გამოყენება მისი ხარისხიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს გადაღებული პირების იდენტიფიცირებისგან სრულ დაცვას. ვიდეომასალაში შესაძლებელია გადაღებული პირების ისეთი საიდენტიფიკაციო ფაქტორების გარჩევა, როგორიც არის ადამიანის აღნაგობა, თმის ფერი და ტანსაცმელი, რაც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იძლეოდეს აღნიშნული პირების იდენტიფიცირების საშუალებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ზემოთ მითითებული ვიდეომასალის ჩვენება წარმოშობს გადაღებული პირების იდენტიფიცირების გარკვეულ რისკს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. გასაგებია, რომ მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზე შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების მომეტებული ინტერესი, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა ხდებოდეს სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ხარჯზე“, – აღნიშნულია იმავე განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ მიიჩნია, რომ ვიდეო-მასალის გამოქვეყნება საჭირო იყო, ვინაიდან ამ მასალებში არ ხდება პირთა იდენტიფიცირება, áƒ“ა ამით „გამომჟღავებულია დანაშაული, რომელსაც ჩადიოდნენ ოპერატიული სამსახურების და მაღალი თანამდებობის პირები“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და მედია საშუალებებს, მომავალში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პირად ცხოვრებას. ამავდროულად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ეფექტური ღონისძიებები გაატაროს ზემოაღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

Civil.Ge © 2001-2024