ნაფიც მსაჯულთა შესახებ ინიციატივა პირველი მოსმენით მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jan.'13 / 20:20

პარლამენტმა დღეს 103 ხმით არცერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს იმ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს. 

საპარლამენტო განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია, გაიზიარა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების წინადადებების ნაწილი, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს, ტერიტორიული პრინციპითაც გაფართოვდეს და მოიცვას ბათუმიც. ასევე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში აისახა სასამართლოებზე ვიდეო-კამერების დაშვების და ტელეტრანსლაციის უზრუნველყოფის საკითხიც ისეთივე რედაქციით, როგორც საერთო სასამართლოების შესახებ პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტში არის გათვალისწინებული. 

კანონპროექტის ინიციატორებმა არ გაიზიარეს ნაციონალური მოძრაობის ის წინადადება, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის კიდევ უფრო გაფართოებას ეხებოდა, მათ შორის განზრახ მკვლელობის, ოჯახურ ძალადობის, ძარცვის და ყაჩაღობის დანაშაულებზე.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა, თუმცა მას ამჟამად უფლება აქვს განიხილოს მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, ასევე უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების საქმეები. ამ დრომდე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სულ სამი სასამართლო პროცესი შედგა.

ამ საქმეებს, კანონპროექტის თანახმად, დაემატება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები; ასევე იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც ბრალდებულნი არიან თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღების მიზანია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე პოლიტიკური დევნის აღქმა გამოირიცხოს.  მისი თქმით, ამ საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებით ხელისუფლება áƒ—ანამდებობის ყოფილი პირების მიმართ „სამართლიან სასამართლოს უზრუნველყოფს“. 

„ჩვენ გვეჩქარება [კანონპროეტის მიღება] áƒ˜áƒ›áƒ˜áƒ¢áƒáƒ›, რომ მათ ამ პრივილეგიით ისარგებლონ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომლის ინფორმაციითაც, ამჟამად ასეთი საქმეების ოდენობა ათიდან ოცამდე მერყეობს.

თუმცა დეპუტატების ნაწილმა ნაციონალური მოძრაობიდან მთავრობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით ხდება. ყველაზე მეტად კრიტიკული დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი იყო, რომელიც სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის სახელით გამოვიდა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, რომ ინიციატივა ამჟამად ბრალდებულ კონკრეტულ ადამიანებს მოარგოს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას იმის გამო აფართოებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ „ვერ განახორციელა სათანადო დონის ზეწოლა სასამართლოზე“.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ áƒáƒ áƒ¡áƒ”ბული პოლიტიკური კონტექსტი, როცა „ადამიანები არიან პოლარიზებული და ის ვინც წინა ხელისუფლებაში იყო, აპრიორი ცხადდება დამნაშავედ“, სერიოზულ რისკებს ქმნის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებებში, რომლებმაც შესაძლოა ვერდიქტები პოლიტიკური განწყობების და არა სამართლებრივი თვალსაზრისით მიხედვით გამოიტანონ.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მას უკვირს ოპონენტების კრიტიკა. „როდესაც პოლიტიკური ისტერიკა მოაწყვეტ პოლიტიკური დევნის თაობაზე, ჩვენ შემოგთავაზეთ თქვენს მიერ მიღებული [ნაფიც მსაჯულთა] მექანიზმი, რომელიც ყველაზე სამართლიანად მიგაჩნიათ“, - მიმართა მან კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან. 

„ჩვენ მივაღწიეთ საკმარისად კოჰაბიტაციურ კანონს და რატომ არ ვიზეიმოთ ეს, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს ბრალი დავდოთ?“  - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ ოპონენტების მისამართით.

მისი გამოსვლის შემდეგ საგანგებო სიტყვა მოითხოვა  ვიცე-სპიკერმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ და განაცხადა, რომ  უმცირესობა მხარს უჭერს კანონპროეტის პირველი მოსმენით მიღებას.

„მეორე მოსმენაზე ჩვენ ასევე კოჰაბიტაციურ ანუ კონსტრუქტიული თანაარსებობის პირობებში გავაგრძელებთ მუშაობას“, - დასძინა მან და იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ექნებათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევანის თავისუფლება.

მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით,  რომელიც უკავშირდება ბრალდებისა და დაცვის მხარეთა უფლებას აირჩიონ ან უარი თქვან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დაგეგმილი ცვლილებები გადამწყვეტი სიტყვის უფლებას, გაიმართოს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, პროკურატურას აძლევს.

ამ áƒ˜áƒœáƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒ¢áƒ˜áƒ•áƒ˜áƒ¡ განხილვა პარლამენტში ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, თუმცა საპარლამენტო განხილვების დროს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან  რამდენჯერმე წამოიწიეს ეს საკითხი და გამოთქვეს წუხილი, რომ ცვლილებები განხორციელდება ბრალდებულის უფლების წინააღმდეგ, რომ მან თავად აირჩიოს სურს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაასამართლოს.

ანალოგიური წუხილი გამოთქვა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, და პარლამენტს áƒ›áƒáƒ—ი ჩართულობით ფართო დისკუსიის მოწყობისკენ მოუწოდა. 

„კოალიციას მიაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომელშიც შედის ამჟამად მიმდინარე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეები, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გავრცელება მისაღები შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულს შეუნარჩუნდება უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით უარი თქვას თავის საქმეში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე. სხვა შემთხვევაში კოალიცია ხედავს რისკების ამ პირთა მიმართ მართლსაჯულების სათანადოდ განხორციელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კოალიციის მიერ პარლამენტისათვის გაგზავნილ ღია წერილში, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ 16 იანვარს განაცხადა, რომ არსებული ნორმები „არასრულყოფილი და ბუნდოვანია“ და  ბრალდებულს არჩევანის სრულ თავისუფლებას არ აძლევს.  მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ამჟამად მოქმედი ნორმების დაზუსტებას. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმაში, რომელიც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომას ეხება, ამჟამად  ნათქვამია: „თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს“.

იმავე კოდექსის სხვა მუხლში ნათქვამია: „თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე“.

აქვე, ამავე მუხლში ასევე საუბარია იმაზეც, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება „არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, მაშინ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე“.

Civil.Ge © 2001-2024