![]() |
|||
პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და საგარეო კურსის შესაძლო ცვლილების „საგანგაშო“ სიგნალი უწოდეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სომხეთი საქართველოსთვის კარგი მაგალითია ერთდროულად ნორმალური ურთიერთობები იქონიოს ნატოსთან და რუსეთთან. “მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მე პატივს ვცემ მათ არჩევანს, სომხური გზა, სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ნატოსთან მიმართებაში ვერ გამოდგება და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ სომხეთი, რომელიც რუსეთის ინიციატივით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია და რომელიც თანამშრომლობს ნატოსთან, თუმცა არ ცდილობს მის წევრობას, ვერ იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მოდელი. კიდევ ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ამაზე უფრო სკანდალური და საგანგაშო“ არაფერი უთქვამს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ „ერთადერთი, რაც პრემიერმა თქვა არის ის, რომ სასურველია, რომ ჩვენც გვქონდეს ყველასთან კარგი ურთიერთობა“. „მე ვეთანხმები იმ კურსს, რომ საქართველო უნდა ეცადოს, რომ აბსოლუტურად ყველასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ, „მე მგონი, ამას ცდილობს ყველა ნორმალური ქვეყანა და ძალიან ბევრი ქვეყანა ამას აღწევს“.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025