ფანჯიკიძის თქმით, ივანიშვილი და მედვედევი ერთმანეთს ხანმოკლე საუბრით გაეცნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jan.'13 / 19:13

საქართველოს და რუსეთის პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და დიმიტრი მედვედევი "ერთი-ორი წუთით" გაესაუბრნენ ერთმანეთს მიღებაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორის კლაუს შვაბის áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლით დავოსში 23 იანვარს გაიმართა, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

„შეხვედრა არანაირად დაგეგმილი არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი თავყრილობა, სადაც იყვნენ ქვეყნის პირველი პირები და ამ ფარგლებში მოხდა მათი შეხვედრა. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, გაეცნენ ერთმანეთს, მეტი არაფერი არ ყოფილა, ერთი-ორი წუთი ისაუბრეს მხოლოდ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელიც თან ახლავს პრემიერს დავოსში.  

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე, მისი ხანმოკლე პერიოდიდან გამომდინარე, „არანაირი თემის განხილვა არ ყოფილა და შეუძლებელიც იქნებოდა“.  

ამ განცხადებამდე რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინებოდა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს გუშინ გამართულ მიღებაზე თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა.  „საქართველოს პრემიერ–მინისტრი მივიდა მედვეევთან და მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს რაღაც საკითხზე“, – იტყობინებოდა „რია ნოვოსტი“ ანონიმ ბიზნესმენზე დაყრდნობით.

24 იანვარს ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუნუკოვიჩს შეხვდა, ასევე გამართა მოლაპარაკებები ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან, მოგვიანებით კი გეგმავს შეხვედრას ლიბანელ კოლეგასთან ნაჯიბ მიკატისთან.

 

 

Civil.Ge © 2001-2024