საქართველოს საგარეო უწყება: დსთ–ზე არანაირი მოლაპარაკებები არ იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jan.'13 / 11:27

საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად უარყო რაიმე მოლაპარაკებები მოსკოვთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) საქართველოს დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს ახალი ხელისუფლება მას შემდეგ გახდა იძულებული ამის უარყოფა მოეხდინა, რაც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს ბელარუსში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ–ს პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს დაბრუნდება, თუ არა ის დსთ–ში. „რია ნოვოსტიმ“ ასევე განაცხადა ევდოკიმოვზე დაყრდნობით, რომ საქართველოს წარმომადგენლებთან უკვე მიდის კონტაქტები „ამ საკითხზე“.

თუმცა, ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინებოდა: „საქართველოს დსთ–ში დაბრუნების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მიხეილ ევდოკიმოვმა ხაზი გაუსვა: ‘არავის გაუგდია საქართველო დსთ–დან; ეს ამ ქვეყნის გადაწყვეტილება იყო’. მისი თქმით, „კონტაქტები საქართველოს წარმომადგენლებთან უკვე დაწყებულია და თუ ისინი დსთ–ში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ, მე ვფიქრობ, დსთ–ს ყველა წევრი სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას კონსენსუსის გზით განიხილავს“.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ „არანაირი კონტაქტი, ან დიალოგი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან საქართველოს დსთ–ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ურყევი – ეს არის საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ზალკანიანმა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა „რია ნოვოსტის“ მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ თუ ეს სიმართლეა და საქართველოს ახალი ხელისუფლება მართლა აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან დსთ–ს წევრობასთან დაკავშირებით, ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასი იქნება.

„თუ არ იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია და პრეტენზია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადაუხვია საგარეო პოლიტიკურ კურსს“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველად დსთ–დან გამოსვლის შესახებ განცხადება 2008 წლის 12 აგვისტოს გააკეთა, როდესაც რუსეთთან საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა დასრულდა. მან ეს  გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირთან დამშვიდობებად შეაფასა.

ოფიციალურად საქართველომ დსთ 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა მას შემდეგ, რაც დსთ–დან გამოსვლისთვის საჭირო ხანგრძლივი ფორმალური პროცედურები გაიარა.

Civil.Ge © 2001-2024