ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს კორუფციაში ედება ბრალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Jan.'13 / 11:24

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ფინანსური პოლიციის ყოფილმა უფროსმა დავით კეზერაშვილმა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო 2007 წლიდან 2012 წლამდე  პერიოდში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 30 იანვარს.  

საგამოძიებო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ამ სავარაუდო სქემის შედეგად 2007–2012 წლებში საქართველოში უკრაინიდან დაახლოებით 19.8 მილიონი ლიტრი კონტრაბანდული ეთილის სპირტი შემოვიდა, რის შედეგადაც გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ 49.39 მილიონი ლარი იზარალა.

კეზერაშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, რომელიც იმ დროს ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას კურირებდა, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ კეზერაშვილი მთავრობიდან წასვლის შემდეგაც განაგრძობდა კონტრაბანდული სქემის „მფარველობას“, ვინაიდან იგი ინარჩუნებდა ახლო კავშირებს ხელისუფლებასთან.

Civil.Ge © 2001-2024