ნაციონალური მოძრაობა პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Jan.'13 / 17:20

მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა ინიციატივით, რომ პროდასავლური კურსი კანონის ძალით სავალდებულო გახდეს,  31 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ ახალი წინადადება წამოაყენა და შესთავაზა „ქართულ ოცნებას“, რომ ერთად მოამზადონ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები.

„მივესალმები რა უმრავლესობის დეკლალირებულ სურვილს, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპული განვითარება, ჩვენ ვთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობას ერთად მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი... და დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპული მომავალი, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ერთად შევიმუშავოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არასდროს არ დადგება ეჭვის ქვეშ და რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ერთხელ და სამუდამოდ გაუქრობს იმის ცდუნებას, რომ შეეცადოს საქართველოს გადაახვევინოს ევროპული კურსიდან“, – განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 30 იანვარს, რომ 18 იანვარს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ თედო ჯაფარიძემ შესთავაზა პარლამენტის ყველა ფრაქციას ერთობლივი მუშაობა დაიწყონ ინტერფრაქციულ შეთანხმებაზე საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

„ეს პროცესი პარლამენტში დაწყებულია“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, „არსებობს კონკრეტული პროექტი და თუ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის მზაობა ამ პროცესში ჩართვის, ამას ჩვენ მხოლოდ მივესამლებით. ასე რომ, ეს იქნება კანონის ფორმით, რეზოლუციის ფორმით, შეთანხმების ფორმით – ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის გაყოლა; არ შეიძლება, დაუშვებელია და ვერაფერი ვერ გამოვა ამ ქვეყანაზე სწორად და კარგად, თუ ოთხ წელიწადში ერთხელ იქნება დრამატული ცვლილებები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ კურსში“.   

Civil.Ge © 2001-2024