პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 8 თებერვალს გამოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Feb.'13 / 15:17

პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 8 თებერვალს 14 საათზე გამოვა, იტყობინება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 1 თებერვალს, რასაც ასევე ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამავე ცნობით, პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, თუმცა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის კვლავ გრძელდება კონსულტაციები პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება სამშაბათს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გამხსნელ ბიუროს სხდომაზე იქნება მიღებული.

ბოლო ოთხი წელიწადია, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში მისი მოხსენების დასრულების შემდეგ დებატების ფორმატშიც იღებს მონაწილეობას. 2009 წლამდე ის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტოვებდა სხდომათა დარბაზს და დეპუტატებს დებატებში მონაწილეობა მის დაუსწრებლად უხდებოდათ.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით წარსდგება პარლამენტის წინაშე, ვინაიდან წელს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა იწურება.

Civil.Ge © 2001-2024