პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ის იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, თუ ამ ცვლილებებს პარლამენტი იმ ინიციატივასთან ერთ პაკეტში მიიღებს, რომელიც საქართველოს დასავლური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს და ასევე დადგენილზე ადრე აამოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო კვორუმის გაზრდის დებულებას. ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქართული ოცნებიდან კოლეგების მიერ 4 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის მისამართით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობამ ორშაბათს ნაციონალური მოძრაობა დებატებში გამოიწვია, რათა თითოეულმა დეპუტატმა საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია უჭერს თუ არა მხარს ე.წ. ანტიკრიზისულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტს ყველა საკონსტიტუციო უფლებამოსილება უნარჩუნდება, გარდა იმ ერთისა, რომელიც მას მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი აძლევს, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის მიერ შეთავაზებული ახალი მთავრობის დამტკიცებაზე. „ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი - ვინც იტყვის „კი“, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც; ვინც იტყვის „არა“, მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე“, - აცხადებენ დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან. დავით ბაქრაძემ ოპონენტების ეს პოზიცია შეაფასა, როგორც ნაციონალური მოძრაობის „მისამართით დაყენებული ულტიმატუმი“. „ის, რომ ზეგის კენჭისყრაზე ისინი ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, დიდწილად განპირობებული იქნება სწორედ იმ ენით, ურთიერთობის იმ ფორმით და იმ ზეწოლით, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა 4 თებერვალს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დათხოვნის „არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს“. მას მხედველობაში ჰქონდა გასულ კვირას ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოყენებული ინიციატივა, რომელიც საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციით გამყარებას ითვალისწინებს. თუმცა ეს წინადადება, განსხვავებით „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისაგან, ჯერ არც ოფიციალურად არ არის ინიცირებული და შესაბამისად, არც ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა გაუვლია. კიდევ ერთი პირობა, რომელიც ბაქრაძემ მხარდაჭერის სანაცვლოდ წამოაყენა, არის ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო კვორუმის არსებული ორი-მესამედიდან (100 ხმა) სამ მეოთხედამდე (113 ხმა) აწევა განხორციელდეს ახლავე და არა 2013 წლის ბოლოს - ეს თარიღი ნაციონალურმა მოძრაობამ 2011 წლის დეკემბერში, როცა პარლამენტში დომინანტ ძალას წარმოადგენდა და ეს საკონსტიტუციო დებულება მიიღო, მისი ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრა. იმავდროულად, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „მთელი კატეგორიულობით“ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქართული ოცნება ძალიან შორს არის საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად საჭირო 100 ხმის მოგროვებისგან და თუ ეს ცვლილებების მაინც იქნება მიღებული, „ეს იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. |
|||
Civil.Ge © 2001-2025