ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ვიცე-პრემიერი გახდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Feb.'13 / 14:06

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ვიცე-პრემიერის ვაკანტურ პოსტს დაიკავებს მთავრობაში.

„გიორგი, რა თქმა უნდა, იქნება ვიცე-პრემიერი და იქნება მოადგილე“, - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე 5 თებერვალს. 

„მარგველაშვილი არის ინტელექტუალი, ჩემი მეგობარია, არ ვმალავ და ძალიან მიყვარს მასთან პოლემიკა“, - აღნიშნა მან.

პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ამ თანამდებობიდან 21 იანვარს მოხსნა áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ალასანია, რომელიც თავდაცვის მინისტრად აგრძელებს მუშაობას.  მეორე ვიცე-პრემიერის თანამდებობა ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს უკავია.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში, რომელსაც მან „ძალიან სწორად შერჩეული“ უწოდა, „არავითარი გადაადგილებები“ არ იგეგმება.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური მთავრობაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან მან პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობა შეაფასა, განაცხადა, რომ მის კაბინეტს ამ პერიოდში „სერიოზული შეცდომა“ არ დაუშვია.

„წვრილ-წვრილი შეცდომები, რა თქმა უნდა, არსებობს. მე მგონი ძალიან ფრთხილად ვიქცევით, ძალიან სწორად ვიქცევით“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ იქ სადაც პრობლემები არსებობს, „რეაქციებს ვაკეთებთ“.

Civil.Ge © 2001-2024