ივანიშვილი მიესალმა ‘2016 წლისთვის მთლიანად პროფესიულ არმიაზე’ გადასვლის გეგმებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Feb.'13 / 20:10


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრში, 6 თებერვალი. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

საქართველო გეგმავს, რომ „2016 წლისთვის მთლიანად პროფესიულ არმიაზე“ გადავიდეს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 6 თებერვალს.

„ეს ძალიან მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიდის და ნატოს სტანდარტებს უახლოვდება“, – განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირველად იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს ჯარში გაწვევის სისტემა და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე თანდათან უნდა გადავიდეს პროფესიულ არმიაზე.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გააკეთა, რაც 6 თებერვალს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა.

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა და ვიდეო კონფერენციის საშუალებით ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს იმით, რომ ISAF-ის ოპერაციის მონაწილეა.

პრემიერ–მინისტრი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას მიესალმა იმის გამო, რომ მან ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებს ხელფასები გაუზარდა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ინფრასტრუქტურაში არის პრობლემები“. „არც ისეთი სახარბიელო მემკვიდრეობა დახვდა ირაკლი ალასანიას“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ცალკეულ áƒ§áƒáƒ–არმებში სავალალო მდგომარეობაა. მისი თქმით, მთავრობა შეეცდება დამატებითი სახსრები გამოყოს პირობების გასაუმჯობესებლად.

Civil.Ge © 2001-2024