სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Feb.'13 / 15:05

პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში გამოსვლა, რომელიც 8 თებერვალს იგეგმებოდა, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, საპრეზიდენტო უფლებამოსილებებზე „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებული უთანხმოების ფონზე.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გადადების ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მათ შორის პრეზიდენტის იმ უფლებას, რომელიც წერია დღევანდელ კონსტიტუციაში, მაგრამ ამასობაში ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ თავსაც და ჩვენ გვინდა, რომ  შედგეს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება სათანადო პარლამენტში, პარლამენტში რომელიც არის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი და არა უბრალოდ ადამიანების ერთობა, რომლის გადაწყვეტილება პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად შეცვალოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 7 თებერვალს.

„შესაბამისად ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მიეცემა საშუალება პარლამენტში გამოსვლის, თავისი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული იქნება პარლამენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც სრულიად ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხზე პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც პარლამენტს ეკუთვნის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ დეკემბერში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უნარჩუნდება ყველა უფლებამოსილება, გარდა იმ ერთისა, რომელიც მას პარლამენტისგან სამჯერ თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაშიც კი მთავრობის ერთპიროვნულად გამოცვლის შესაძლებლობას აძლევს.

დეპუტატებმა ამ საკითხზე 6 თებერვალს დებატები გამართეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ ამ ინიციატივას მხარს, თუ პარლამენტი პარალელურად მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი მთავრობისთვის კონსტიტუციურად სავალდებულო გახდება. ნაციონალურ მოძრაობას ასევე სურს, რომ გაიზარდოს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო კვორუმი არსებული ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე, რის სანაცვლოდაც ის მხარს დაუჭერს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები უარს ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წინადადებები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან პაკეტში განიხილონ.

„მე მინდა ცალსახად დავაფიქსირო პრეზიდენტის სახელითაც და საპარლამენტო უმცირესობის სახელითაც. ჩვენ მზად ვიყავით ხვალინდელი დღისთვის, პრეზიდენტი მზად იყო ხვალ მოსულიყო და გამოსულიყო სიტყვით ისევე, როგორც უმცირესობა მზად იყო ჩატარებულიყო და გამართულიყო კიდევ ერთი პოლიტიკური დებატები, თუმცა დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის პოზიცია, რომელიც, როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა ამ მოხსენებისთვის და ამ დებატებისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 5 თებერვალს, რომ იგი და მისი მთავრობა არ აპირებდნენ პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას. „რა უნდა თქვას ახალი? ალბათ ახალ სიცრუეებს შემოიტანს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024