ეროვნული ბიბლიოთეკის წინ დაპირისპირების გამო პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Feb.'13 / 19:07

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ არსებული დაპირისპირების გამო პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც დღეს 18:00 საათზე იგეგმებოდა, გადაიდო.

სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიმართვას 20:00 საათზე გააკეთებს თავისი რეზიდენციიდან.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს და თბილისის მერს გიგი უგულავას მომიტინგეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

სამართალდამცავები ადგილზე არიან მობილიზებული, თუმცა ინციდენტის აღკვეთა მათ ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მივიდა და მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, იგი კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებდა.

"მე მესმის დემონტრანტების, მაგრამ აქვე მინდა მათ მივმართო, მათი ეს ქმედება ჩვენი ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს", - განუცხადა მან ჟურნალისტებს. 

სანამ მომიტინგეებს მიმართავდა, შს მინისტრმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სამართალდამცავები „მაქსიმალურად შევეცადეთ“ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მისი თქმით, პოლიციამ ნაციონალურ მოძრაობას ალტერნატიული გზის გამოყენება შესთავაზეს ბიბლიოთეკაში შესასვლელად, თუმცა „ოპონენტებმა არ ისარგებლეს ალტერნაიული გზით. ისინი პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონტრანტებთან“. მან დაგმო თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე და პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

„ისინი [ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები] შეგნებულად, მიზანმიმართულად გაემართნენ რატომღაც ხალხის მასისკენ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აი ეს კონფრონტაცია იყო დაგეგმილი და გამწვავება გამოიწვია იმ ფაქტმა, იმ გარემობამ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები გაემართნენ  მოსახლეობისკენ“, - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024