ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამო შეშფოთებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Feb.'13 / 11:52

ევროკავშირმა 9 თებერვალს შეშფოთება გამოხატა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას შორის ძალაუფლების გაყოფის პროცესის გაუარესების გამო.

საკონსტიტუციო საკითხების და სულ ბოლოს პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლის გარშემო არსებული უთანხმოება გუშინ ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს დემონსტრანტები თავს დაესხნენ იმ ადგილის გარეთ, სადაც პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოსულიყო“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ევროკავშირს მიაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და ინსტიტუტს საქართველოში პატივისცემით მოეპყრან, ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეშტონმა და ფულემ მოუწოდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს თავი შეიკავონ სახელმწიფო პროცესების ან ინსტიტუტების გამოყენებისგან პარტიული ან პარტიულ- პოლიტიკური მიზნებისთვის.

გამოხატა რა შეშფოთება 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების გამო,  ევროკავშირმა მოუწოდა ყველა მხარეს „პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისგან“.

Civil.Ge © 2001-2024