შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი და უსუფაშვილი კამათობენ, მაგრამ აცხადებენ, რომ დიალოგი გაგრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Feb.'13 / 23:30


მარცხნიდან მარჯვნივ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; პრეზიდენტი სააკაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 11 თებერვალს პრეზიდენტის სასახლებში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური.

შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ დიალოგი გაგრძელდება, განაცხადეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში მათ შორის დებატებშიც კი გადაიზარდა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას ზღუდავს, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელებული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე სიტყვა პირველმა წარმოთქვა და პირველივე ფრაზით შეხვედრა შეაფასა, როგორც „საქმიანი“, თუმცა შემდეგ განაგრძო, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“  იმ ძალადობით, რომელსაც 8 თებერვალს  ჰქონდა ადგილი „პრეზიდენტის დაგეგმილი დაუგეგმავი მიმართვის წინ“ ეროვნულ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„მოხდა მასობრივი ეგზეკუცია ციხიდან გამოშვებულ კრიმინალთა ბანდის მიერ და არა რაღაც ხალხის მიერ, საქართველოს ოპოზიციის მთელი ხელმძღვანელი შემადგენლობის მიმართ“, -  განაცხადა მან.

ამ აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც იანვარში მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც პარლამენტმა ისინი პოლიტპატიმრებად ცნო. ამნისტიის აქტს ხელი დავით უსუფაშვილმა მოაწერა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია.

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ამ ყველაფერმა, დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში“, - განაგრძო მან, „ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო ფართომასშტაბიან კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია და აღარასდროს ჩვენ აღარ უნდა მივიდეთ იმ ზღვარზე, სადაც საქართველო იყო 90-იან წლებში. მე ვფიქრობ ბატონი დავითი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი“.

„მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით, შევთანხმდით. მათ აქვთ თავიანთი პოზიციები, ჩვენ ჩვენი. მე ვფიქრობ გაგრძელდება დისკუსია. მთავარია, რომ შევთანხმდით, რომ ასეთი თემები უნდა გაგრძელდეს დიალოგის გზით“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, „უახლოეს დღეებში ალბათ შემდგომი საუბარი გაგრძელდება“ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე განიხილავს თავიანთ გუნდებში ორშაბათის შეხვედრის დროს გამოთქმულ პოზიციებს. 

ამის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბარი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაგრძო და მანაც შეხვედრა „საქმიანად“ შეაფასა, რის შემდეგაც უპასუხა სააკაშვილის კომენტარს 8 თებერვალს მომხდარ ინციდენტზე და განაცხადა: „ჩვენ ცხადია არ გვისაუბრია იმაზე, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა და ცხადია ამ თემაზე ჩვენ არ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ აქტს, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, იმ აქტით თავისუფლება მიიღო პოლიტიკურმა დევნილებმა სწორედ. საჯარო ბიბლიოთეკასთან 'კრიმინალთა ბრბო' არ დამინახავს მე. იქ იყო შეკრებილი ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა. ამასობაში, ამ პროტესტის გამოხატვისას მათ დაუშვეს კანონის დარღვევა  და ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს“.

„რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ მსგავსი მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ წაადგება ქვეყანას, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს იგი დაგეგმილი, პროვოცირებული, ინიცირებული თუ ყურადღება ვერ მიქცეული ბოლომდე. ამიტომ სწორია პოლიტიკური პროცესის სწორედ პარლამენტში გადატანა“, - განაცხადა მან.

უსუფაშვილმა áƒ’აიმეორა ქართული ოცნებისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საკონსტიტუციო პროექტზე შეთანხმება, ეს არის გასაღები ყველა სხვა საკითხზე შეთანხმებისკენ.

„მე დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საუბრის პროცესში გამოიკვეთა რაღაცა ახალი  შესაძლო სქემებიც, ვარიანტებიც, ამიტომ ამ თემაზე საჭიროა დაფიქრება“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შედგება. 

„შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პროცესს უპერსპექტივოს ვერ დავარქმევ“, - დასძინა მან.
 
შემდეგ სიტყვა გადაეცა დავით ბაქრაძეს, რომელმაც შეხვედრას ასევე „საქმიანი“ უწოდა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა აყენებს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სასურველია ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულ იქნას არა ოპოზიციაზე ზეწოლის გზით, არამედ მათი ნორმალური მონაწილეობით; ასევე მისი თქმით, პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში; და უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი. მართალია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ოფიციალურად ინიცირებული არ არის, მაგრამ ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა გააჟღერა იდეა პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის შესაძლებლობაზე.

ბაქრაძის შემდეგ სიტყვა ისევ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიღო და განმარტა: „საკითხი, რომელიც ისმევა მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადაზე ადრე დაითხოვოს მთავრობა...“. აქ მას უსუფაშვილმა შეუსწორა გამონათქვამი: „არა, შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა“.

შემდეგ სააკაშვილმა კვლავ განაგრძო და განაცხადა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მოკლევადიანი საკითხია, ხოლო ის საკითხები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა აყენებს - პარლამენტის ქუთაისში დატოვება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კონსტიტუციურად დაფიქსირება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება - ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას უკავშირდება. 

„ჩვენ გვაღელვებს ეს საკითხები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის; მთავრობას აქვს პრობლემა შემდეგ რამოდენიმე თვეში რა მოხდება. ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი მრავალი წელი რა მოხდება“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტთან დიალოგში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესი და „საჭიროებამ თუ მოიტანა, და ეს არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრიც ჩაერთვება“. მან იქვე განმარტა, რომ 11 თებერვლის შეხვედრაზე განსახილველი საკითხების თემატიკა პარლამენტს ეხებოდა და სწორედ ამიტომ ესწრებოდა შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის კოალიციას აღელვებს როგორც მოკლევადიანი, ისევე გრძელვადიანი საკითხები, რადგან მოკლევადიანი თემების არასწორი გადაწყვეტა, მისი თქმით, გავლენას მოახდენს გრძელვადიან განვითარებაზე.  

მიხეილ სააკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია „ძალიან ჰგავს“ საფრანგეთის კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც,  მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია კვირაში ერთხელ მივიდეს პრეზიდენტთან.

მისი თქმით, 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტი „საგანგებო სიტუციის“ ნიშნებს ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ ითანამშრომლა სათანადოდ პოლიციასთან ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომების მისაღებად, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდეს ქუჩებში წესრიგის დაცვა.

როცა ამას ამბობდა, სააკაშვილს კვლავ გააწყვეტინა სიტყვა უსუფაშვილმა: „ბატონო მიხეილ ამისთვის შევიკრიბეთ აქ? რაზეც შევიკრიბეთ, იმაზე ვისაუბროთ. მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები ამ ყველაფერზე“.

„მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს“, - უპასუხა სააკაშვილმა და განაგრძო, რომ 8 თებერვლის ინციდენტი საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრი მასთან მისულიყო.

„პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, რომ მოვიდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა რა დროსაც მას კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა დავით უსუფაშვილმა: „თქვენ ბრძანებთ, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ახლა? ამას ბრძანებთ?“.

„იმედია, რომ მომავალში მოვა“, - განაგრძო სააკაშვილმა, რაზეც უსუფაშვილმა უპასუხა: „კი ბატონო, რა თქმა უნდა“.

„ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია“, - განაგრძო სააკაშვილმა, „ქვეყანაში ხდება დღეს, ერთის მხრივ, პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის უკანონო გზებით მითვისების მცდელობა, მეორე - ქუჩაში დევნა ოპოზიციის, რაც არის მიუღებელი; მესამე -  ამითი ძალიან სუსტდება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები და ეს არ შეიძლება არ გვაღელვებდეს თქვენ და მეც, ბატონო დავით... საქართველო გამოყურება როგორც საკმაოდ განუვითარებელი მესამე მსოფლიოს ჩამორჩენილი ქვეყანა“.    

„ამიტომ ეს არის ის თემები, სადაც პრემიერ-მინისტრმაც კეთილი ინებოს და ჩაერთოს“, - აღნიშნა მან.

„რუსთავი 2“-ის კითხვაზე იმ „ულტიმატუმთან“ დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა წაუყენა პრეზიდენტს, რომ მხოლოდ მას შემდეგ მოუსმენს მის ყოველწლიურ მოხსენებას, როცა შეთანხმება იქნება მიღწეული საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრეზიდენტმა კვლავ წამოწია საკითხი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან მის წევრ დეპუტატებზე ზეწოლას უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად საჭირო ხმების მოგროვების მიზნით.

„რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?“ - იკითხა პრეზიდენტმა რა დროსაც მის საუბარში ჩაერთო დავით უსუფაშვილი: „კარგით მე გეტყვით ბატონო მიხეილ რომელ ქვეყანაში ხდება. ან კითხვაზე ვუპასუხოთ ან თავისუფალ რეჟიმში ვიდებატოთ მაშინ. მე მგონი, კითხვა რაზეც იყო ამაზეც ვისაუბროთ, თუ გნებავთ“.

„ფაქტების კონსტანტაციას ვახდენ“, - უპასუხა სააკაშვილმა.

„კითხვა რა იყო, იმაზე უპასუხეთ“, - შეახსენა კვლავ დავით უსუფაშვილმა.

„ხელების გრეხვა დღისით მზისით, ხდება დეპუტატების დაშანტაჟება შუასაუკუნეობრივი, მაფიის მეთოდებით“, - განაგრძო სააკაშვილმა.

„ბატონო მიხეილ თუ ტელედებატებში ვართ, მე ამისთვისაც მზად ვარ“, - უპასუხა კვლავ უსუფაშვილმა.

პრეზიდენტმა შემდეგ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ქუთაისში მდებარე პარლამენტიდან გამოვა ყოველწლიური მოხსენებით. „არანაირ სხვა პარლამენტში მე მისვლას ნამდვილად არ ვაპირებ. პარლამენტი ჩემთვის არის მხოლოდ ქუთაისში. როგორც კი ამ პარლამენტის გადმოტანის საკითხი დადგება, ეს იქნება უკანონო სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება“, - განაცხადა მან.

„მე მინდა რომ მთავრობამ კონსენსუსის გზით, 150 ხმით, კონსტიტუციური, ღია, გახსნილი საზოგადოებრივი დიალოგით შევცვალოთ ერთად კონსტიტუცია, დავხვეწოთ და ჩვენ ვართ ამისთვის მზად - ეს არის ერთი გზა და მეორე გზა არის, დეპუტატ ლემონჯავას ბოლომდე ამოვუგრიხოთ ხელები. ეს არის მეორე გზა. მესამე გზა არ არსებობს“, - განაცხადა მან. 

„კარგით, მე მოგახსენებთ მესამე გზაზე ახლა, იმაზე, რაც პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ ბრძანა“, - განაგრძო შემდეგ უსუფაშვილმა საუბარი, „ჩვენ არ დაგვიყენებია არავითარი ულტიმატუმი, ჩვენ ვთქვით, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოვუსმენთ [პრეზიდენტს]. ჩვენ არ გვითქვამს ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება თუ უარყოფითი. ამიტომ ჩვენ არავის პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თემით არ ვაშანტაჟებთ“.

რამდენადაც პარლამენტის ადგილმდებარეობის თემა წამოიწია პრესკონფერენციაზე, უსუფაშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ქუთაისში გელით.  რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოსმენას ნოემბერში, დეკემბერში  - აღარ იქნებით პრეზიდენტი, როცა პარლამენტი შეიძლება სხვაგან იყოს“.

„ეს კარგი ამბავია ნამდვილად“, - უპასუხა სააკაშვილმა, „ნოემბრამდე დანებებული გაქვთ თავი, პარლამენტს ქუთაისში ტოვებთ“.

„უბრალოდ, პარლამენტის შენობა [თბილისში] იმდენად მიანგრ-მოანგრიეთ, რომ მის ჭკუაზე მოყვანას 6 თვე ჭირდება“, - უპასუხა უსუფაშვილმა.

„საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ შევალ ყველა საკითხთან მიხეილ სააკაშვილთან დებატებში, რატომაც არა, თუ სურვილი ექნება მას. ვისაუბრებდი ძალიან ბევრ თემაზე - 8 თებერვალზეც, 26 მაისზეც, 7 ნოემბერზეც, ძალიან ბევრ სხვა ამბავზე, მაგრამ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ხვალინდელი დღის განსასაზღვრად“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ორშაბათის შეხვედრამ  „გამოაჩინა პერსპექტივა სწორი გადაწყვეტილებების მიღების“.

მან ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც „ქვეყანას დაამშვიდებს და წაიყვანს წინ“.

„ზუსტად“, - უპასუხა სააკაშვილმა, „მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. სამწუხაროდ, ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის აწმყო... ეს არის ის აწმყო, რამაც ხვალინდელ დღეს შეიძლება შეუქმნას საფრთხე. ეს უნდა დავამთავროთ“.

„ერთადერთი გზა არის დიალოგი საჯარო, ხალხისთვის გასაგონად, ყოველგვარი უკანა ოთახებში გარიგების გარეშე“,  - განაცხადა მან.

„ჩვენ დახურულ კარებს მიღმა ბევრად ნაკლებს ვკამათობთ, მაგრამ ჟურნალისტებს რომ ვხედავთ, რა თქმა უნდა, გვინდება პოზიციების დაცვა. მაგრამ, მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, ეს არის ღია და პროდუქტიული დისკუსია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრესკონფერენციის დასასრულს უსუფაშვილმა განაცხადა: „ბატონი პრეზიდენტი დღეს მასპიძელია, ამიტომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის; პარლამენტში, რომ მობრძანდება, მაშინ მე ვისაუბრებ ცოტა მეტს“.  

Civil.Ge © 2001-2024