ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Feb.'13 / 17:59

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 13 თებერვალს მოწმის სტატუსით დასაკითხად არიან დაბარებულები ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საბიუჯეტო სახსრების პარტიული მიზნებისათვის სავარაუდო გამოყენების საქმეზე.

კერძოდ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი áƒ¡áƒáƒ›áƒ£áƒ¨áƒáƒáƒ¡ მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხებიან, როგორც ამ პროგრამასთან დაკავშირებული პირები. 

წინა მთავრობის მიერ ივლისში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისა  და მონაცემთა ბაზის შექმნას ისახავდა მიზნად, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე სექტემბერის დასაწყისში საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი, შტატგარეშე კონტრაქტები გაუფორმდა 21 837 პირს, რომელთაც გამოძიების ინფორმაციით, არამიზნობრივად შესრულებული საქმიანობისთვის სექტემბრის ბოლოს „ლიბერთი ბანკში“ ხელფასის სახით ჩაერიცხათ 240 ლარი, რამაც ჯამში 5 240 880 ლარი შეადგინა.

„გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ანუ საქართველოს ყველა რეგიონში, მოწმის სახით დაიკითხა 2000-მდე პირი, რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო  აქტიურობისათვის, რაც გამოიხატებოდა საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკების დარიგებაში, პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის განხორციელებაში“, - აცხადებს მთავარი პროკურატურა 12 თებერვალს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პროკურატურაში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბარება შეაფასა, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაზე  „ზეწოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის" გაგრძელება ახალი მთავრობის მხრიდან.

Civil.Ge © 2001-2024