უსუფაშვილი და ბაქრაძე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ფრთხილ ოპტიმიზმს იჩენენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'13 / 14:18

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადეს 12 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებს ჯერ რაიმე კონკრეტული პროგრესი არ მოყოლია, თუმცა ორივე მათგანმა იმედი გამოთქვა, რომ „კარგი სამუშაო პროცესი“ კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.

„არის თემები, რომლებზეც პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და მიმდინარეობს ეს მუშაობა“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან 11 თებერვალს, რომელსაც ასევე ესწრებოდა დავით ბაქრაძე.

„რაიმე კონკრეტული, რომ გითხრათ, პროგრესი ჯერ არ არის. ეს მუშა პროცესია. აი, ხელთ მაქვს კონსტიტუცია, დიდი ტექსტია. აი, რამდენი რამეა აჭრელებული. რაღაცეებზე მიდის მუშაობა. ჯერჯერობით რა იქნება მართლა ვერ გეტყვით“, – განაცხადა უსუფაშვილმა და ჟურნალისტებს აჩვენა ფურცლები მონიშნული ტექსტებით.

„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ვეცადოთ პოზიციების დაახლოება იმიტომ, რომ ბუნებრივია ძალიან დიდი განსხვავებაა პოზიციებში და ხედვაში მხარეებს შორის“, – განაცხადა ბაქრაძემ, „ჩემი აზრით, ჯერჯერობით პროცესი მიდის ნორმალურად. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნორმალური და კარგი შანსი იმის, რომ მხარეებს შორის შედგეს დიდი და სერიოზული შეთანხმება. ეს იქნება შეთანხმება, რომელიც პირველ რიგში იქნება კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის; ამიტომ ჩვენი მხრიდან არსებობს მზადყოფნა თანამშრომლობისთვისაც, გონივრული კომპრომისებისთვისაც, არსებობს მზადყოფნა იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ და დავიცვათ ყველა ის ინტერესი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია საერთო ინტერესად და ქვეყნის ინტერესად“.

„მე არ მინდა ვიყო ზედმეტად ოპტიმისტური. ჯერ-ჯერობით პროცესი დასრულებული არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ეს არის კარგი სამუშაო პროცესი“, – დასძინა ბაქრაძემ.

Civil.Ge © 2001-2024