ივანიშვილი სამოქალაქო სექტორის როლის გაზრდისკენ, ოპოზიციას კი კონსტრუქციული ოპონირებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Feb.'13 / 19:42

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებასთან ოპონირების კუთხით საზოგადოებრივი სექტორის როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაფართოვებისკენ, ხოლო ოპოზიციას კონსტრუქციული კრიტიკისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„სამოქალაქო სექტორის ფუნქცია ძალიან სასურველია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს,  გაიზარდოს და გაფართოვდეს... როგორმე გავაღრმავოთ თანამშრომლობა, როგორმე კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომ გახდნენ კონსტრუქციულები, რამეთუ მათი კონსტრუქციული ოპონირება ძალიან წაადგება უმრავლესობას და ძალიან წაადგება  საზოგადოებრივ განვითარებას“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადებები მისი მთავრობის 100 დღის მუშაობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი სექტორის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების მინისტრები, მთავარი პროკურორი, áƒ£áƒ–ენაესის სასამართლოს თავმჯდომარე, დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან და ნაციონალური მოძრაობიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ მემკვიდრეობის ფონზე, რომელიც მისმა მთავრობამ ნაციონალურმა მოძრაობისგან მიიღო, „სამი თვის განმავლობაში, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა...ჩემი აზრით, გაკეთდა მაქსიმუმი“. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამ პერიოდში ასევე იყო „ძალიან პატარა, მცირე გადაცდომები“, მათ შორის პოლიციის „უმოქმედობის“ თვალსაზრისითაც. მას აქ კონკრეტულად მხედველობაში ჰქონდა 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების ინციდენტი.

ეს განცხადება ივანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძემ თავის კრიტიკულ გამოსვლაში ახალი მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა და ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდა, რათა „ქუჩაში ძალადობა არ დავუშვათ“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაპირისპირებებს არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს, მაგრამ „ძალიან დიდი წვლილი და ლომის წვლილი თქვენ გეკუთვნით ამაში, თქვენი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ხდებოდა“. 

„რამდენიც გინდათ გვასწავლეთ, რამდენიც გინდათ მიგვითითეთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენი მმართველობის ფორმებს და ნუ დაივიწყებთ იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში“, - მიმართა მან ოპონენტებს, „არცერთ შემთხვევაში არ არის ჩვენთვის გასამართლებელი ის, რომ გუშინ და გუშინწინ ამას აკეთებდნენ და ჩვენც შეგვიძლია გავიმეოროთ - არა. ამით არ ვიმართლოთ თავი“.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი საზოგადოება დაწყნარდეს, სხვანაირი კლიმატი შეიქმნას და ჩვენ მოვახერხოთ საზოგადოების შემდგომი განვითარება“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ინტენსიური თანამშრომლობა განაგრძოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მას შემდეგ, რაც მან მოისმინა შეფასებები და პასუხები გასცა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახალი მთავრობა გარდამავალ პერიოდში დადგა.

კონფერენციაზე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს და „სამართლიანი არჩევნების“ ორგანიზებით გაიმართა, ახალი ხელისუფლების კრიტიკის ძირითადი მიმართულებები მოიცავდა თვითმმართველობებზე ზეწოლის და ასევე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებიდან დათხოვნის ფაქტებს.  

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მიუხედევად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლა არ უნდა შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, 1 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო მუნიციპალიტეტებში ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით თანამდებობა დატოვა 46-მა გამგებელმა და 24-მა საკრებულოს თავმჯდომარემ. ანგარიშის, თანახმად, ეს პროცესი ძირითადად მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რომლებსაც „უმეტესად ქართული ოცნების ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები“ მართავდნენ. ანგარიშის თანახმად აქციები 28 მუნიციპალიტეტში გაიმართა, აქედან 24 შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი „უკანონო ქმედებებში, კერძოდ, ძალადობაში, შენობების შესასვლელების ბლოკირებაში, შენობაში შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა“.

„სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია კვლავაც გრძელდება და ხელისუფლება არ იღებს ეფექტურ ზომებს მათი პრევენციისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის „უახლოეს მომავალში“ განხორციელებისკენ მოუწოდებს.  

ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებს,  პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა არ იწვევს ჩემს კმაყოფილებას და ჩემი გუნდის კმაყოფილებას მოვლენების ასე განვითარება“.

„შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების უკეთესად განვითარება, მე პასუხი არ მაქვს. დღესაც რომ დაწყებულიყო, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ უარესად ან ოდნავ უკეთესად შეიძლებოდა განვითარებულიყო“, - განაცხადა მან.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, პრობლემურ მიმართულებას წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი, როგორც სახელმწიფო უწყებების ცენტრალურ აპარატებში, ისე რეგიონებში, რომლის დროსაც იკვეთება „რამდენიმე არასასურველი ტენდენცია“, მათ შორის საჯარო მოსამსახურეთა დიდი ნაწილი სამსახურებს პირადი განცხადებით ტოვებს, „ბევრ შემთხვევაში“ მათ ზემდგომი თანამდებობის პირები „აიძულებენ“ ამის გაკეთებას, ხოლო ახალი კადრების აყვანა „კონკურსის გარეშე და „ხშირ შემთხვევაში გაუგებარი კრიტერიუმებით ხდება“.  ანგარიში მთავრობას ამ ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის აპარატთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გზით.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს, ძირითადად, შერჩევა ახალი თანამშრომლების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ხელისუფლების ზედა ეშელონის ცვლილებებმა არ უნდა გამოიწვიოს საჯარო სამსახურის თანამშრომლების დიდი რაოდენობის ცვლილება, სტაბილური ნაწილი უნდა რჩებოდეს“.

ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან ამნისტიასთან დაკავშირებით, საიამ თავის პრეზენტაციაში განაცხადა, რომ „გამართლებული“ იყო ამ აქტის გამოცემა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ  „სადაო შეიძლება იყოს“ ამ კანონში ცალკე პუნქტად შეტანა პოლიტპატიმართა სიის, რომლის შედგენის პროცესიც, საიას შეფასებით, „ხარვეზებით“ წარიმართა.

პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ამნისტიის პროცესი „უხარვეზო ვერ იქნებოდა“ და „კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს“, მაგრამ, მისი თქმით, იმის გამო, რომ პატიმრების უმრავლესობა „უსამართლოდ იხდიდა“ სასჯელს, აუცილებელი იყო ამნისტიის წრაფად გამოცემა.

ყოფილი თანამდებობის პირთა დაკავებების და მათი საქმეების გამოძიების კუთხით, საიამ თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმ შეფასების გაკეთება, თუ რამდენად პოლიტიკურად მოტივირებული იყო ამა თუ იმ პირის დაკავება.

„აუცილებელია იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, მიუხედავად იმისა თუ რა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ ან იმყოფებიან ისინი, თუმცა გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ამასთანავე აბსოლუტურად ყველა პირს ევალება, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რადგანაც გამოძიების ეფექტურად წარმართვა ყველას ინტერესებში უნდა იყოს“, - აცხადებს საია.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშში მიესალმებიან ახალი მთავრობის ინიციატივას მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის და ასევე იუსტიციის საბჭოს რეფორმირების თაობაზე. ამ უკანასკნელზე კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიცირებულია, პარლამენტმა პირველი მოსმენით დეკემბერში მიიღო და ამჟამად მისი განხილვა შეჩერებულია იმ დრომდე, ვიდრე ვენეციის კომისია თავის დასკვნას წარმოადგენს. ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაც კანონპროექტზე უთანხმოებას იწვევს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირდება.

საია თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ „საბჭოს, როგორც სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლის, სისტემური განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, თუ უფლებამოსილება არ შეუწყდებათ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრებს“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება იუსტიციის საბჭოს რეფორმირების პროცესში აუცილებლად დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.

ახალი ხელისუფლების 100 დღის შეფასების ფარგლებში ანგარიში აღნიშნავს, რომ ქართულ მედიაში არჩევნების შემდეგ „მიკერძოებული გაშუქების შემთხვევებმა იკლო“, ხოლო მთავრობის ცვლილების შემდეგ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა "მნიშვნელოვნად გაიზარდა".

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა კონფერენციაზე გამოსვლის დროს áƒáƒ¡áƒ”ვე განაცხადა, რომ აპირებს რეაგირება გააკეთოს იმ კითხვებზე, რომელიც „ისმის ჩვენი მისამართით“.

„ამ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა სასურველი იყო, მაგრამ შეუძლებელი და ბევრ საკითხში მე თქვენ გეთანხმებით, რომ მე თვითონ არ ვარ კმაყოფილი და ამაზე რეაგირებას გავაკეთებ“, - განაცხადა მან.

მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა კონფერენცია დატოვა მწვავე შელაპარაკების მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატ გიორგი ვაშაძეს შორის, რომელმაც ახალი ხელისუფლება საჯარო მოსამსახურეებზე „ზეწოლაში“ დაადანაშაულა.

ამ ბრალდებას თეა წულუკიანმა კონკრეტული ბრალდებით უპასუხა დაადანაშაულა რა ვაშაძე, რომელიც წინა მთავრობის დროს სამოქალაქო რეესტრს ხელმძღვანელობდა, ამ სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის „უკანონო ბრძანების“ მიცემაში, რომელმაც, მისი თქმით, ვაშაძეს და კიდევ ერთ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან თინათინ ბოკუჩავას მისცა „უკანონო პასპორტები“, რის შემდეგაც, წულუკიანის თქმით, „მე მომიწია ამ კომპეტენტური კადრის სამსახურიდან გათავისუფლება“.

„შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისათვის... შორს ხელები ამ კადრებისგან! ნუ იძლევით უკანონო ბრძანებებს“, - მიმართა იუსტიციის მინისტრმა ვაშაძეს.

„ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება. ცოტა შეარჩიეს თქვენი საუბრის ტონი“, - უპასუხა ვაშაძემ, რომელმაც განმარტა, რომ იმის გამო დაურეკა თავის ყოფილ თანამშრომელს, რომ მას დიპლომატიური პასპორტის აღებაზე პრობლემები შეექმნა. „უკანონოდ თქვენ არ მომეცით პასპორტი“, - მიმართა მან წულუკიანს, რაზეც მინისტრმა უპასუხა: „ეს იყო უკანონო და იმიტომაც ჩამოგართვით“. 

Civil.Ge © 2001-2024