მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების გეგმა წარმოადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'13 / 20:44

საქართველოს მთავრობამ 21 თებერვალს დაამტკიცა კონცეფცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებით მთელ რიგ რეფორმებს ითვალისწინებს, რაც დოკუმენტის თანახმად, მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებებით აღჭურვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივის მოსახლეობის მეტ ჩართულობას.

რეფორმების გეგმის თანახმად, რომელიც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა, ახალი შემოთავაზებული სისტემის უმეტესი ასპექტები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს ქალაქების მერების პოსტის არჩევითობას, 2014 წლის გაზაფხულზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად შევა ძალაში. 

სულ საქართველოში ცხრა ტერიტორიულ–ადმინისტრაციული ერთეული (მხარე) ან რეგიონია: გურია; იმერეთი; კახეთი; მცხეთა–მთიანეთი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; სამეგრელო და ზემო სვანეთი; სამცხე–ჯავახეთი; ქვემო ქართლი; შიდა ქართლი (ადმინისტრაციულად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონის ნაწილია). ამ რეგიონების გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავს.

აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით უფრო მაღალი დონის თვითმმართველობა აქვს, ვიდრე სხვა რეგიონებს; საქართველოს კანონმდებლობით,  აფხაზეთიც ავტონომიური რესპუბლიკაა.

რეგიონები (მათ შორის აჭარა) მუნიციპალიტეტებად არის დაყოფილი, რომლებიც სოფლებს და ქალაქებს აერთიანებს. ამჟამად, სულ 69 მუნიციპალიტეტია და თითოეულს პირდაპირი წესით არჩეული საკრებულო ჰყავს;  აღმასრულებელ შტოს ამ მუნიციპალიტეტების დონეზე გამგებლები უძღვებიან, რომელთაც საკრებულოები ირჩევენ. გამგებლები სოფლის რწმუნებულებს ნიშნავენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების შემავალ სასოფლო დასახლებებში.

სულ ხუთი „თვითმმართველი ქალაქია“ – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი. ამ ქალაქების მერებს, გარდა თბილისისა, ადგილობრივი საკრებულოები ირჩევენ. თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც მერს პირდაპირი წესით ამომრჩევლები ირჩევენ.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეფორმირების გეგმის თანახმად, სასოფლო დასახლებაში იფუნქციონირებს „პირდაპირი დემოკრატიის ფორმა“ - სოფლის კრება, სადაც  აირჩევა კრების თავჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები. მართალია, ამ თვითმმართველ ორგანოებს არ ექნებათ საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტები, მაგრამ მათ ექნებათ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და სხვა პროგრამებით სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის და შემდგომი მონიტორინგის ფუნქცია. სოფლებს ასევე შეეძლებათ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსი მიიღონ, რაც საშუალებას მისცემთ მათ დაფინანსება მიიღონ მუნიციპალური ადგილობრივი თვითმმართველობიდან ადგილზე კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად.  მთავრობის გეგმის თანახმად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 2013 წელს განხორციელდება.

კონცეფციის თანახმად,  დასახლებები ან დასახლებათა ერთობლიობები ჩამოყალიბდება როგორც „თვითმმართველი ერთეულები - თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები“. ამ მიზნით, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე კანონით დადგინდება მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანიზების დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ჩარჩო-კრიტერიუმები და პრინციპები. 

კონცეფციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულების ფორმირების პროცესის დასრულების და შესაბამისი ტექნიკური (გეოინფორმაციული) სამუშაოების დასრულების შემდგომ, კანონით განსაზღვრული წესით დამტკიცდება თვითმმართველი ერთეულების ნუსხა და საზღვრები, რომლებშიც უნდა გაიმართოს 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები“.

ამ თვითმმართველი ერთეულების ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები საკრებულოები - ორი წლის ვადით აირჩევა; თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელები (გამგებელი სოფელში/თემში და მერი - ქალაქში) არჩეულ იქნებიან პირდაპირი წესით. ადგილობრივ თვითმმართველობას ამ დონეზე საკუთარი ბიუჯეტი ექნება.

რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება თვითმმართველი ორგანოების რაოდენობა მუნიციპალიტეტების დონეზე არსებული 69–დან დაახლოებით 200–მდე, თუმცა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი ახალი საზღვრების დადგენის პროცესში, როგორც ამის თაობაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირება მოხდება მხარეში შემავალი მუნიციპალური თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარმომადგენლებისგან. გათვალისწინებული იქნება სამხარეო საბჭოში ოპოზიციური სუბიექტების და უპარტიო წარმომადგენლების წარმომადგენლობის ასახვა.

მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამ კანდიდატს შეარჩევს სამხარეო საბჭო და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელთაგანაც საქართველოს მთავრობა შეარჩევს და დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მთავრობას სურს, რომ რეფორმა ეტაპობრივად განახორციელოს და ამ მიზნით, მან გადაწყვიტა, რომ გუბერნატორის პოსტი პირდაპირ არჩევითი არ გახადოს ამ ეტაპზე. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ კონცეფცია ღიაა განხილვისთვის, მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხზე.

კონცეფციის თანახმად, დედაქალაქს ექნება „განსაკუთრებული სტატუსი“, რომელშიც კონცენტრირებული იქნება როგორც მუნიციპალური თვითმმართველობის, ასევე სამხარეო თვითმმართველობის ფუნქციები. დედაქალაქი - თბილისი დაიყოფა მუნიციპალიტეტებად/უბნებად. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები იქნებიან თბილისის მერია და მუნიციპალიტეტების (უბნების) გამგეობები. მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

კონცეფციის თანახმად, ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება „საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი“.

საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ამოქმედება  ეტაპობრივად 2015-2017 წლებში მოხდება.

ქონების გადასახადი იქნება ადგილობრივი ტიპის და მიემართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში, მაგრამ საშემოსავლო გადასახადი იქნება ზიარი ტიპის და წილობრივად განაწილდება მუნიციპალურ და სამხარეო ბიუჯეტებს შორის (მუნიციპალიტეტის უმეტესი წილით). მოგების გადასახადი იქნება ზიარი სამხარეო ბიუჯეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის.  ადგილობრივი ბიუჯეტები ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერებითაც შეივსება.

გეგმა ასევე ითვალისწინებს 2013 წელს სპეციალური კანონის მიღებას "მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების" შესახებ. კანონი შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, დეპრესიულ, ცენტრალური მაგისტრალებიდან დაშორებით მყოფ და ინფრასტრუქტურულად მოწყვეტილ (ძნელად მისადგომ) დასახლებებს, ასევე დასახლებებს, რომელთა შენარჩუნებას და მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობა. ასეთი დასახლებებისთვის კანონით განისაზღვრება სპეციალური შეღავათები და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები.

Civil.Ge © 2001-2024