საქართველო ავღანურ ძალებს გაწვრთნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'13 / 20:46

საქართველო ავღანურ ძალებს გაწვრთნის საქართველოში და ავღანეთში მას შემდეგ, რაც 2014 წელს ნატოს მისია დასრულდება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარასკევს.

22 თებერვალს ალასანიამ ბრიუსელში ნატოს და ISAF–ის მისიაში მონაწილე პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„შევთანხმდით, რომ ავღანელი სამხედროები საქართველოში გაივლიან წვრთნებს და მიიღებენ განათლებას.  ჩვენ გავაგრძელებთ მათ მომზადებას ავღანეთშიც“, – განაცხადა ალასანიამ.  

საქართველოს ამჟამად 1 560 სამხედრო ჰყავს ავღანეთში, მათგან 2 ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაშია განთავსებული, ხოლო ოცეული ქაბულში.

ბრიუსელში ნატოს და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ალასანიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან ლიტვიდან, ლატვიიდან, ავღანეთიდან, ავსტრალიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან და საბერძნეთიდან. ალასანია ასევე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს და ავღანეთში აშშ–ის და ნატოს ძალების მეთაურს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს.

 

Civil.Ge © 2001-2025