ევროკომისარი საშინაო საქმეთა საკითხებში საქართველოს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Feb.'13 / 11:21

ევროკომისარი საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომი კვირას თბილისში ჩამოვიდა, სადაც ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

„მოუთმენლად ველი, რომ საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე სამოქმედო გეგმა გადავცე“, – დაწერა მან Twitter–ზე 24 თებერვალს.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტია.

ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა, 2012 წლის ივნისში დაიწყეს.

ევროკომისიის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის მართვას, მიგრაციას, გადაადგილებას  და თავშესაფარს, ასევე სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა, უმცირესობების დაცვა და ასევე ანტი–დისკრიმინაცია, რაც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაადგილება უსაფრთხო და კარგად ორგანიზებულ გარემოში მოხდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ევროკომისარი მალსტრომი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სახელმწიფო მინისტრს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს.

Civil.Ge © 2001-2024