ევროკავშირმა საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Feb.'13 / 18:03

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა საქართველოს ხელმძღვანელობას ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად უნდა შეასრულოს.

ევროკომისიის განცხადებით, სამოქმედი გეგმა ღონისძიებათა ოთხ ძირითად ბლოკს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას; და ასევე საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

იგი მთელ რიგ ამოცანებს გულისხმობს, დაწყებული პოლიტიკური ჩარჩოდან, რაც ასევე მოიცავს კანონმდებლობას და დაგეგმვას, და დამთავრებული უფრო კონკრეტული მოთხოვნებით, რომელთა განხორციელებასაც ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს.   

ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები ასევე მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მონაცემთა დაცვა, უმცირესობების დაცვა და ანტი–დისკრიმინაცია, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს რეფორმები და ძალისხმევა განახორციელოს ყველა იმ სფეროში, რომლებიც ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგისთვისაა საჭირო“, – განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა 25 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებას მოყვება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, რაც, მისი თქმით, „ისტორიული გარღვევა“ იქნება საქართველოსთვის, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში. 

„ამ მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ გასაწევი, ეს არ არის ადვილი პროცესი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „რაც არ უნდა დაძაბულობა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი სვლა ევროპისკენ“.

პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისარი მალსტრომი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ყველა იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხის დაჩქარებას“.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა განაცხადა, რომ საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლას „არ მოუხდენია ზეგავლენა საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან“.

„ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდა წინა მთავრობასთან; ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ მთავრობასთან“, – განაცხადა მან.

„მე ვიცი, რომ თანაარსებობა ადვილი არ არის, თუმცა ის კონსტრუქციულად და პასუხისმგებლობით უნდა წარიმართოს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე – პრეზიდენტი, მთავრობა და პრემიერ–მინისტრი თავის როლს შეასრულებს, მშვიდობიანი და პრაგმატული გადაწყვეტილების მოსაძებნად. კონსტიტუციას ყველა მხარემ უნდა სცეს პატივი“, – განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „ფრთხილად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ უნდა განხორციელდეს. 

„აქამდე საქართველო მაგალითს წარმოადგენდა რეგიონში და ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე დარჩება“, – დასძინა მან.

ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა, 2012 წლის ივნისში დაიწყეს.

ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. საქართველოს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის ხელშეკრულებები აქვს დადებული.

ევროკომისარმა მალსტრომმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელების ვადებზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

„ეს დიდწილადაა დამოკიდებული მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაზე“, – განაცხადა მან, „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამუშაო მთავრობამ და პარლამენტმა უნდა შეასრულონ“.

Civil.Ge © 2001-2025