სააკაშვილი აზერბაიჯანის და საქართველოს წინაშე მდგარ ‘საფრთხეზე’ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'13 / 12:23

ბაქოში ვიზიტის áƒ¨áƒ”მდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე „სცენარს“ ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“.

„მე ვნახე რამხელა საფრთხის წინაშე ვართ ჩვენც, აზერბაიჯანიც იმიტომ, რომ რუსეთში შეიქმნა დიასპორა, ვინმე სადიკოვია გარდაბნელი, ძალიან მდიდარი რუსი ე.წ. ბიზნესმენი; იქ შეიყვანეს ალეკპეროვი და რამდენიმე რუსი სხვა მილიარდერი, რომლის მიზანია ზუსტად იგივე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის, პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს ბრძოლა აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის გამოყენებით, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში ხუთშაბათს საღამოს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ.

„ეს სადიკოვი არის გარდაბნელი და ამ სადიკოვმა განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სადიკოვი 2000 წლის შემდეგ რუსეთის ეთნიკური აზერბაიჯანელების კავშირის „აზეროს“-ის თავმჯდომარე იყო და 2013 წლის იანვრიდან მისი საპატიო თავმჯდომარე გახდა.

თავის განცხადებაში სააკაშვილმა ასევე ახსენა ვაჰაგან ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტი. ჩახალიანი, რომელიც სასჯელს იარაღთან, შეიარაღებულ ხულიგნობასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო იხდიდა, 24 იანვარს ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან მას შემდეგ, რაც მისჯილი ათი წლიდან, დაახლოებით, 4.5 წელი მოიხადა. სააკაშვილმა, რომელმაც დაგმო ჩახალიანის გამოშვება, áƒ’ანაცხადა, რომ ჩახალიანი „მთელი ეს წლები ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას“.

„მე მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ დავფიქრდეთ ამაზე. მე ეს რაღაცეები მეცნობა და მეცნობა 90-იანი წლებიდან. როდის იყო ბოლოს ლაპარაკი საქართველოში ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე? ეს ხომ ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. მე სულაც არ მიხარია, რომ ამაზე ვსაუბრობ და დღეს ეს თემა წამოიჭრა იმიტომ, რომ ... ჩახალიანი რომ არ გაგვეშვა, მაშინ ალბათ ამაზე ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, რეგიონალური კოორდინაცია. მე მივდივარ ოფიციალურ ვიზიტით რამდენიმე ადგილას, მეზობლებთან, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკაში. პრეზიდენტი არის კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი და  მე ვაპირებ, რომ ეს ფუნქცია შევასრულო ძალიან აქტიურად მიუხედავად იმისა, ვინ რა დაბრკოლებებს შემიქმნის“, - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024