პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეხვედრის სურვილს ორმხრივად გამოთქვამენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'13 / 19:43

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, რომელიც სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება მას შემდეგ, რაც 1 მარტს ასეთი შეხვედრა არ შედგა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, დილის საათებში შეხვედრას სთავაზობს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი კვლავაც გამოთქვამს თანხმობას და მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს“, - ნათქვამია მოკლე განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის პრესსამსახურმა პარასკევს საღამოს გაავრცელა.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 მარტს საღამოს განაცხადა, რომ პრემიერთან დაგეგმილი შეხვედრა უნდა იყოს „სერიოზული, საგნობრივი, შინაარსიანი, შედეგის მომტანი“ და არა შეხვედრა შეხვედრისთვის, რათა ქვეყნის „პოლიტიკური კრიზისიდან“ გამოსაყვანად „სერიოზული“ საუბარი შედგეს.

„სრულიად ნათელია, რომ ქვეყანა ახლა იმყოფება კრიზისულ რეჟიმში, პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში“, - განაცხადა მან, „ჩვენ გვინდა რომ ქვეყანამ გააგრძელოს და დაუბრუნდეს განვითარების კურსს და ამიტომ ჩვენ ვართ მზად ძალიან ფართო, გახსნილი, მოქნილი, ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ყველა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუციაზე“.

ეს განცხადება სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.

„ამისათვის [შეხვედრისთვის] მზად ვართ, რომ ძალიან სერიოზულად მოვემზადოთ იმიტომ შეგკრიბეთ ყველანი დღეს და იმედია, რომ პრემიერ-მინისტრიც მიუდგება სერიოზულად და სათანადოდ, გულდასმით მოემზადება ამ შეხვედრისთვის“, - áƒ’ანაცხადა მან და დასძინა, რომ დარჩენილი ორი დღე ამისთვის საკმარისი დროა.

„ამის შემდეგ ორშაბათს დილიდან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვნახავთ საშუალებას, რომ შევხვდეთ შემდგომი დღეების განმავლობაში და საგნობრივად ვისაუბროთ ამ თემებზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე უარყო, რომ პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა მისი მიზეზით ჩაიშალა და განაცხადა, რომ „არანაირი შეხვედრა დღეს დათქმული არ ყოფილა, მითუმეტეს არც ადგილი და არც საათი“.

ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „გუშინ საღამოს, პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს პირდაპირი სატელეფონო ხაზი ჩემთან და არ გვჭირდება გაფუჭებული ტელეფონების თამაში“, - განაცხადა სააკაშვილმა მიანიშნა რა პირდაპირი კონტაქტის საჭირობაზე.

„ყველა საკითხი არის გადაწყვეტადი“, - დასძინა მან.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც 26 თებერვალს მას წერილობით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, სადაც მოუწოდა „2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად“ დაეფიქსირებინა პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის კენჭისყრაც პარლამენტში მარტის ბოლომდე იგეგმება áƒ“ა რომელიც პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომელიც მას აძლევს უფლებას დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი კაბინეტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება. 

პრემიერ-მინისტრმა 1 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შეხვედრა პარასკევს უნდა შემდგარიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა „გადაიფიქრა რატომღაც“. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შეხვედრის გამართვა 4 მარტს áƒ“ილით შესთავაზა.

მთავრობის შეცვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მათი პირველი შეხვედრა ოქტომბერში ხელისუფლების გადაცემის პროცესში, ხოლო მეორე, არაოფიციალურ ვითარებაში იანვარში საპატრიარქოში სტუმრობისას გაიმართა.

Civil.Ge © 2001-2024