ივანიშვილი: სააკაშვილთან შეხვედრას რაიმე წინსვლა არ მოუტანია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Mar.'13 / 22:05

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ 4 მარტს გამართულ ამ შეხვედრას არავითარი წინსვლა არ მოუტანია და ეს იყო მხოლოდ „შეხვედრა შეხვედრისათვის“.

„ჩემი სურვილი კი ჭეშმარიტად გახლავთ, რომ მათ [სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ] მოახერხონ და დარჩნენ ღირსეულ წევრებად ჩვენი საზოგადოების და მხოლოდ ეს იყო მიზანი ჩემი შეხვედრის. და თუ მომავალში საჭიროება იქნება, ყოველთვის მზაობა მექნება, მაგრამ კარგი იქნება, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ იყოს, როგორც დღეს“, - განუცხადა მან მედიას áƒ›áƒáƒ¡ შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცალკე გააკეთა განცხადებები ჟურნალისტებისთვის შეხვედრის შემდეგ.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან ერთად შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა, მისი გუნდის მოთხოვნები, რომ შეწყდეს სასამართლოზე და მედიაზე ზეწოლა, ასევე „მასიური დევნა“ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და ყოფილი თანამდებობის პირების.

ივანიშვილის თქმით, ის „ღიმილით პასუხობდა“ სააკაშვილის ამ განცხადებებს. „მოკლედ, ჩემი შენ გითხარი იყო საუბარი, რასაც მოვუწოდებდი, იგივეს მომიწოდებდა სააკაშვილი მეც“, - განაცხადა მან.

ივანიშვილის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი წამოწია, მათ შორის ისიც, თუ რატომ არ გასცა მან პრემიერის ღია წერილზე პასუხი უჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის უფლებას მთავრობის დათხოვნის შემდეგ პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს კაბინეტის ახალი შემადგენლობა.

„ამდენ ხანს პასუხი ვერ გასცა საჯაროდ და პოზიცია არ ჩამოუყალიბებია, რაზეც მითხრა ძალიან საინტერესო რამ: ‘აქ რა უნდა ვთქვაო, ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკააო’. მე დავუკონკრეტე, რომ ‘როგორ ჩვეულებრივი, პრეზიდენტს შეუძლია, რომ დანიშნოს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე?’. ამის შემდგომ მან თქვა, რომ რამდენიმე მაგალითს მომიყვანს. მან ვერცერთი მაგალითი ვერ მომიყვანა, ვერცერთი ქვეყანა ვერ დაასახელა და შემდეგ თქვა, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა და რამდენიმე ქვეყანას დაასახელებდა, სადაც  მსგავსი უფლებები აქვთ პრეზიდენტებს“, - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის ამ ფრაგმენტზე საუბრისას.

მან ასევე განაცხადა, რომ არ ჰქონია მცდელობა მიხეილ სააკაშვილი იმ საკონსტიტუციო ცვილებებზე დაეთანხმებინა, რომელზეც კენჭისყრა,  როგორც დაგეგმილი იყო, მისი თქმით, მარტის ბოლომდე გაიმართება პარლამენტში.

„მე განცდას ვიტოვებ, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად გავა, აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება“, - განაცხადა მან, „თუ არ გავა და საზოგადოება ამით ნუ დაიძაბება, არაფერი არ მოხდება, არაფერი არ მოხდება გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის გუნდი შეირცხვენს თავს და საზოგადოების წინაშე შელახული დარჩება მათი პოზიცია“. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამოდენიმეჯერ, მათ შორის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის არ შეცვლის მთავრობას.  

„როგორ შეიძლება საერთოდ კანონზე საუბარი – გამოიყენებს თუ არა. კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველას უნდა შეეძლოს მისი გამოყენება და საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს მისაღები და სასარგებლო და არა ის, რომ ვიღაც ამას გამოიყენებს და დაუჯერებთ თუ არ დაუჯერებთ. ნაცვლად იმისა, რომ პოზიცია გააკეთოს, რომ ეს არის ნორმალური თუ არანორმალური, აცხადებს, რომ არ გამოიყენებს... დავუწეროთ, კონსტიტუციაში, რომ სააკაშვილს აქვს უფლება, მაგრამ სააკაშვილი არ გამოიყენებს“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს „სასაცილოა“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოუწოდა სააკაშვილს და მის გუნდს, რომ „ნუ რჩებიან იმ ვირტუალურ სამყაროში, სადაც ისინი 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ“ და თავი დაანებონ „სპექტაკლების დადგმას“ და საუბარს მხოლოდ ამერიკის და ევროპის გასაგონად, სადაც „მისი პოზიციები ისეთი აღარაა“. 

„მართლაც დიდი სურვილი გამაჩნია, რომ ნებისმიერი წევრი ნაციონალური მოძრაობის დარჩეს საქართველოს ღირსეულ წევრად, მიუხედევად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს შესაძლებელია, რომ კანონი აქვს დარღვეული და მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა წავიდნენ და ჩვენი საზოგადოებიდან უნდა გაირიცხონ. ასეთ კანონდარღვევებზე რაც შეიძლება მინიმალური უნდა იყოს პასუხისგება და არ უნდა იყოს გაუთავებელი სასამართლოები და გაუთავებელი პროკურატურა“, - განაცხადა მან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან შეახსენა სააკაშვილს, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მოლაპარაკებების დროს ორი კვირა დაიკარგა, როცა  „[კონსტიტუციის] ყველა პუნქტებში შეთანხმება მიღწეული იყო და ბოლო ორ დღეში გაიხსენეს ამნისტიის შესახებ და ამით დაბლოკეს ეს გადაწყვეტილებები“. 

„გამოვიდა, რომ თურმე ამნისტიის გულისთვის შეაჩერეს [მოლაპარაკებები], საბოლოო ჯამში თქვა [სააკაშვილმა], რომ სიტყვა ამნისტია მისთვის აუტანელი და მიუღებელია“, - განაცხადა მან.

შეხვედრის შემდეგ დასმულ კითხვაზე იყო თუ არა რაიმე წინსვლა საკონსტიტუციო საკითხებზე და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ამნისტიის თაობაზე, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მისთვის სიტყვა „ამნისტია“ არის  „საერთოდ მიუღებელი და გაუგებარი“. „რას ნიშნავს ამინისტია? ეს ნიშნავს , რომ ვიღაცა ადამიანებმა, 25 ათასმა კაცმა ჩაიდინა დანაშაული, მე ამას სხვანაირად ვუყურებ -  25 ათასმა ადამიანმა ააშენა თანამედროვე ქართული საზოგადოება, სახელმწიფო“, - განაცხადა მან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა 25 ათასს ადამიანში, სააკაშვილმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტს, რომ შეწყვიტოს იმ „ძალიან ცუდი“ განცხადებების კეთება, რომელიც „აზიანებს ჩვენ ურთიერთობებს ჩვენს მეზობლებთან და საერთოდ, ჩვენს საგარეო პოლიტიკას“.  ამ განცხადებებს შორის მან დაასახელა სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ სეპარატიზმის საფრთხეზე გააკეთა და რუსეთის სანიტარული სამსახურის დელეგაციის წევრებისათვის „მიყენებული შეურაცხყოფა“.

„ვთხოვე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბოდიშს მოიხდიდა, ვინაიდან თუ თვითონ არ მოიხდიდა ბოდიშს, მე ვაპირებ ამას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებული სირთულეების ფონზე, „ჩვენ უნდა მოვახერხოთ შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას სახე მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებთ, დღევანდელი დღე მაქვს მხედველობაში, ძალიან ხშირად ერთმანეთს გავუგოთ“.

„მე მაქვს სურვილი და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, თუ მეორე მხარეც იქნება მზად, რომ არ განვითარდეს ქვეყანაში კრიზისი და არ მოხდეს არაკონსტიტუციურად და არაკანონიერად მოვლენების განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე „ამ ტიპის საუბრებიც“ იყო.

„მე დავარწმუნე ის, რომ ვერაფერი არეულობა, არაფერი არ მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს აქვთ ამის სურვილი. არ მოხდება და ვერ მოახერხებს ვერავინ ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და არეულობის მოწყობას საქართველოში და მე ამის გარანტიას კიდევ ერთხელ გაძლევთ“, - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამჟამად სიტუაცია áƒ’ამოუვალი áƒáƒ  არის.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოსულია უკვე და ეს გამოვიდა უკვე 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა, ამას ვერავინ ვეღარ შეაბრუნებს და გარწმუნებთ, რომ არავითარი ალბათობა, არავითარი შანსი არ არსებობს იმის, რომ დაბრუნდეს სააკაშვილის ხელისუფლება და ის, რასაც საზოგადოებაში ავრცელებენ და საზოგადოება დაძაბულია, არავითარი ალბათობა ამის არ არსებობს“, - განაცხადა მან. 

Civil.Ge © 2001-2024