სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრაზე უთანხმოებები გამოიკვეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'13 / 12:32


პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეორე პირისპირ შეხვედრა გამართეს 4 მარტს.

ოქტომბერში პირველ შეხვედრას და 4 მარტს გამართულ მეორე შეხვედრას შორის ინტერვალში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ იანვარში ძველით ახალი წლის შესახვედრად საპატრიარქოში გამართულ წვეულებაზე შეხვედროდნენ ერთმანეთს.

4 მარტის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, სადაც ასევე განთავსებულია პრემიერ–მინისტრის რეზიდენცია, ეროვნული უშიშროების საბჭო და რამდენიმე სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამავე შენობაშია განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც სააკაშვილს არ გამოუყენებია მას შემდეგ, რაც 2009 წელს ახალაშენებულ სასახლეში გადავიდა. სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრა სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა.

ივანიშვილისთვის ხელის სწრაფი ჩამორთმევის შემდეგ, რომელსაც არც კი შეუხედავს სააკაშვილისთვის, დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრა დაიწყო.

ოქტომბერში გამართული პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, სააკაშვილი და ივანიშვილი მოლაპარაკებების შემდეგ პრესის წინაშე ცალ-ცალკე წარსდგნენ. პრეზიდენტი სააკაშვილი პირველი გაესაუბრა ჟურნალისტებს, ხოლო რამდენიმე წუთში ივანიშვილმა გააკეთა კომენტარი.

ივანიშვილმა მოლაპარაკებებს „შეხვედრა შეხვედრისთვის“ უწოდა, რომელზეც პროგრესი ვერ იქნა მიღწეული, ხოლო სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „საინტერესო“ შეხვედრა, რომელიც „ემოციებით სავსე“ იყო და  რომლის დროსაც შესაძლებელი გახდა ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების გაცვლა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამი საკითხი ჩამოთვალა, რომელიც მან შეხვედრის ფარგლებში დააყენა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და წინა ხელისუფლების დაბალი და საშუალო რგოლების წარმომადგენელთა დევნის შეწყვეტა; სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც მისი თქმით, ახალი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ახალი მთავრობის  „გეგმაზომიერი კამპანია პოლიტიკური კონტროლის დამყარების“ მედიაზე.

ივანიშვილმა ირონიულად განაცხადა, რომ ეს იყო „ჩემი შენ გითხარიო“ ტიპის საუბარი  და აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს სააკაშვილმა იგი იმ გადაცდომებში დაადანაშაულა, რომელსაც თავად პრეზიდენტი ჩადიოდა, როდესაც მისი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი შეხვედრაზე მოუმზადებელი მოვიდა.

ივანიშვილის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი წამოწია, მათ შორის ისიც, თუ რატომ არ გასცა მან პრემიერის ღია წერილზე პასუხი უჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის უფლებას მთავრობის დათხოვნის შემდეგ პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს კაბინეტის ახალი შემადგენლობა.

ეს საკონსტიტუციო ცვლილება ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა აყენებს დეკემბრის შემდეგ. მართალია „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აქვს პარლამენტში, მაგრამ მას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 100 მანდატი არ გააჩნია. პრეზიდენტი სააკაშვილი ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და აცხადებს, რომ იგი არ აპირებს საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას, მოქმედი მთავრობის დათხოვნას და ახლის დანიშვნას პარლამენტის თანხმობის გარეშე.

თებერვალში „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახლოს იყოს შეთანხმებამდე, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობა თანახმა იყო მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ხოლო „ქართული ოცნება“ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე შემოთავაზებას თანხმდებოდა, მათ შორის საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვას და კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმის ორი მესამედიდან  სამ მეოთხედამდე გაზრდას. თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საჯარო მოხელეების შესაძლო ამნისტიის მასშტაბებზე უთანხმოების გამო.

კითხვაზე მიღწეულია თუ არა რაიმე პროგრესი საკონსტიტუციო საკითხებზე და ოფიციალური პირებისთვის ამნისტიის მასშტაბებზე, სააკაშვილმა უპასუხა, რომ თავად ტერმინი „ამნისტია“ მისთვის „საერთოდ მიუღებელი და გაუგებარია“.

„რას ნიშნავს ამინისტია? ეს ნიშნავს , რომ ვიღაცა ადამიანებმა, 25 ათასმა კაცმა ჩაიდინა დანაშაული, მე ამას სხვანაირად ვუყურებ -  25 ათასმა ადამიანმა ააშენა თანამედროვე ქართული საზოგადოება, სახელმწიფო“, - განაცხადა მან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან შეახსენა სააკაშვილს, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მოლაპარაკებების დროს ორი კვირა დაიკარგა, როცა  „[კონსტიტუციის] ყველა პუნქტებში შეთანხმება მიღწეული იყო და ბოლო ორ დღეში გაიხსენეს ამნისტიის შესახებ და ამით დაბლოკეს ეს გადაწყვეტილებები“.

„გამოვიდა, რომ თურმე ამნისტიის გულისთვის შეაჩერეს [მოლაპარაკებები], საბოლოო ჯამში თქვა [სააკაშვილმა], რომ სიტყვა ამნისტია მისთვის აუტანელი და მიუღებელია“, - განაცხადა მან.

შეხვედრის შემდეგ ორივე მათგანმა გამოთქვა დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა. თუმცა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „კარგი იქნება, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ იყოს, როგორც დღეს“. 

„როგორც ყოველთვის, შეხვედრა იყო საკმაოდ ემოციებით სავსე“, – განაცხადა სააკაშვილმა. „მაგრამ მეორის მხრივ არ აქვს ალტერნატივა ასეთ შეხვედრებს“.

Civil.Ge © 2001-2024