მთავრობამ აშშ-ში ლობისტური ფირმა Patton Boggs-ი იქირავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'13 / 16:42

პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობამ ვაშიგნტონში გავლენიანი ლობისტური და იურიდიული კომპანია Patton Boggs-ი დაიქირავა, რომელიც შარშან პირადად ივანიშვილს და მის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უწევდა მომსახურებას.

კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Patton Boggs-თან თებერვალში დადებული კონტრაქტი ექვსთვიანია, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

კონტრაქტის თანახმად Patton Boggs-ი საქართველოს მთავრობისგან თვეში 90 000 აშშ დოლარს მიიღებს.

შარშან როდესაც Patton Boggs-ი პირადად ივანიშვილმა დაიქირავა, კომპანიას „ქართული ოცნების“ ლიდერი 160 000 აშშ დოლარს უხდიდა ყოველთვიურად. Patton Boggs-ი იმ რამდენიმე ლობისტურ და საკონსულტაციო კომპანიას შორის იყო, რომელიც შარშან ივანიშვილს მომსახურებას უწევდა, როდესაც იგი და მისი კოალიცია საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ.

კონტრაქტის თანახმად, რომელსაც 15 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მოაწერა ხელი, Patton Boggs-ი დაეხმარება საქართველოს მთავრობას „ნატოს მისწრაფებების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე აშშ–ის მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, მედიასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ჩართულ პირებთან ურთიერთობებში, ასევე დაეხმარება შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მოწყობაში და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ–ის ინფორმირებაში“. 

იმავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დეკემბერში ხელი მოაწერა 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ახალ ათთვიან კონტრაქტს „მთავრობასთან ურთიერთობების და კომუნიკაციების საკითხებში“ კონსულტანტთან აშშ-ში გრეგორი მანიატისთან Ithaca Group–დან.

მანიატისი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას 2009 წლიდან უწევს მომსახურებას. აშშ–ის სხვა ლობისტების და კონსულტანტების მსგავსად, რომელიც პრეზიდენტს ადრე ყავდა დაქირავებული, კონტრაქტი მანიატისთან გასულ წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით áƒ˜áƒ§áƒ გაფორმებული.

თუმცა მას შემდეგ, რაც ახალმა მთავრობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოველწლიური დაფინანსება 2012 წელს არსებული 21 მილიონი ლარიდან 1.8 მილიონ ლარამდე 2013 წელს, ეროვნული უშიშროების საბჭო იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტები რამოდენიმე ლობისტურ კომპანიასთან, მათ შორის გავლენიან Podesta Group–თან და Gephardt Group Government Affairs–თან.

ახალი კონტრაქტი გრეგორი მანიატისთან, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა 19 დეკემბერს მოაწერა ხელი, 2013 წლის იანვრიდან 31 ოქტომბრამდეა ძალაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Ithaca დახმარებს უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას „მისი პროგრამების და მიზნების აშშ–ის აუდიტორიისთვის, მათ შორის ადმინისტრაციისთვის, აშშ–ის კონგრესისთვის, არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკის განმახორციელებლებისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ჩართული პირებისთვის და აშშ–ის მედიისთვის მიწოდებაში“.  

ამ დოკუმენტაციის თანახმად, მანიატისი ასევე იღებს ვალდებულებას „დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რომ მისმა პოლიტიკამ აშშ–ის საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვოს“ და ასევე გაუწიოს მომსახურეობა „სტრატეგიული რჩევების მიწოდებით, ვებ-გვერდებისთვის და საინფორმაციო ელექტორნული ბიულეტენებისთვის მასალის შედგენით; ასევე ინფორმაციის მიწოდებით ამერიკელი ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისთვის; რჩევებით და დახმარებით საჯარო გამოსვლებისა და განცხადებების შედგენაში; კონგრესის წევრებთან და/ან მათ თანამშრომლებთან, ასევე აშშ–ის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზების, მომზადების და მათზე დასწრების გზით“.

Civil.Ge © 2001-2024