უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრისადმი ევროპარლამენტართა ჯგუფის წერილს პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Mar.'13 / 12:15

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტართა ჯგუფი „სიცრუეზე დაფუძნებულ“ იმ განცხადებების გამო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილ მათ წერილში იყო მოყვანილი და მოუწოდა მათ თავი შეიკავონ მსგავსი წერილების ხელმოწერისგან, რადგან „ამის გამო მალე თავადვე შერცხვებათ“.

23-მა პარლამენტარმა, საიდანაც 19 ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდანაა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 6 მარტს წერილი გაუგზავნა. გაახმოვანა რა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ, ევროპარლამენტარების ამ ჯგუფმა განაცხადა, რომ „აგრესიული კამპანია, რომ შანტაჟის ან მათი ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მუქარის გზით გადაიბირონ ოპოზიციის წევრები, სრულიად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“; მათივე თქმით, „სასამართლოზე ზეწოლა“, “მწვავე რიტორიკა და ხალხის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის მიზნით, ასევე სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება უმცირესობების მიმართ საქართველოს კიდევ უფრო აშორებს მის ევროპულ ოცნებას“. წერილი ასევე მოუწოდებს საქართველოს პრემიერ–მინისტრს „არ წავიდეს ამ გზით და არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი“.

თქვენი ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ საქართველოში არსებულ სიტუაციას უკიდურესად შემაშფოთებელი სახით წარმოაჩენს. თუ თქვენ ძალისხმევას სავარაუდო დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება მოყვება, საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, საფრთხე შეექმნება და ევროპული პერსპექტივის გარეშე დარჩება. მაშინ, თქვენ იქნებით ის ადამიანი, ვინც დაუხურავს საქართველოს ევროპის კარებს“, – ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის წერილში.

ამ წერილის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავის მიმართვაში აცხადებს: „თქვენი 6 მარტის წერილით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომლითაც თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანის გადარჩენას ცდილობთ, სინამდვილეში თავად შორდებით ევროპას. იმ ევროპას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ და რომლისკენაც ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ“.

„მე რამოდენიმე თქვენგანისთვის პირადად არერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტ-კომუნიზმისგან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა“, - ნათქვამი უსუფაშვილის 10 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა.

„თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა პრეზიდენტისადმი არ წაგიკითხავთ და ისე გააკეთეთ თქვენი განცხადება, ეს ცალკე პრობლემაა. მაგრამ თუ გაეცანით მას, მაშინ სად ნახეთ მუქარა და ბრბოს მისევა პრო-ევროპული ძალებისადმი? კონსტიტუციიდან დემოკრატიისთვის უპრეცედენტო ნორმის (პრეზიდენტის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე შექმნას ახალი მთავრობა) ამოღებისკენ მოწოდება მუქარაა თუ კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მცდელობა? ვინც ეს ნორმა ჩაწერა კონსტიტუციაში ჯერ კიდევ 2004 წელს და ეხლა მის გაუქმებას ეწინააღმდეგება, ისინი პრო-ევროპელები არიან თუ საბჭოური ავტორიტარიზმის ღირსეული გამგრძელებლები?“

„შეგიძლიათ მიგვითითოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდა ან უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა? სინამდვილეში ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა „მუმიები“, „ჩასარეცხები“, „კრემლის აგენტები“, „გასანადგურებელი კლასი“, „სახელმწიფოს მტრები“ და სხვა? ურჩი პარალმენტის წევრების (გელაშვილი 2005 წელს, დავითაშვილი 2007 წელს) სასიკვდილოდ გამეტებით სააკაშვილი ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა და ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარებს ხურავს?“

„თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდივართ. თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა. თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით, თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას ალბათ ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი შესაძლოა ამგვარი „ევროპელების“ მორიგი მსხვერპლი გახდეს“, - აცხადებს უსუფაშვილი, „მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახერხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრის დაშანტაჟება და მათი პოლიტიკური მომავლის საკუთარ საეჭვო პოლიტიკურ მომავალთან სრულად დაკავშირება. უფრთხილდით მას, ნუ დარჩებით სტერეოტიპების ტყვეობაში, დარჩით ევროპელები“.

იმავდროულად, 11 მარტს კონგრესის გაზეთმა The Hill  გამოაქვეყნა ამჟამად აშშ-ში ვიზიტად მყოფი დავით უსუფაშვილისსაავტორო წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილის უარი, რომ მოქმედი მთავრობის დათხოვნისა და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი კაბინეტის დანიშვნის მისი უფლებამოსილება დათმოს, გაურკვევლობისა და უნდობლობის ატმოსფეროს გაგრძელებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ აფერხებს საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას.

„სამწუხაროდ, არსებობს პრობლემა, რომელიც შემდგომი რეფორმებისკენ ჩვენ მცდელობას ძირს უთხრის. მართალია მისი მთავრობა წავიდა, მაგრამ თავად სააკაშვილი რჩება თანამდებობაზე ამა წლის ოქტომბრამდე. 2004 წელს მის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის გამო, სააკაშვილს აქვს უფლებამოსილება გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა და თვითნებურად დანიშნოს შემცვლელი პარლამენტის თანხმობის გარეშე და ხალხის იმ ნების წინააღმდეგ, რომელიც ბოლო არჩევნებზე იქნა გამოხატული. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი დემოკრატიაა, სადაც ქვეყნის მეთაურს ეს უფლება გაჩნია. ჩვენ შევთავაზეთ მარტივი საკონსტიტუციო ცვლილება, რათა ნებისმიერ ახალ მთავრობას ესაჭიროებოდეს პარლამენტის დამტკიცება, მაგრამ სააკაშვილი უარს ამბობს მისი ანტიდემოკრატიული უფლებამოსილების დათმობაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის გამართვა მარტის ბოლომდე იგეგმება.

Civil.Ge © 2001-2024