დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის დიპლომატი საქართველოს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Mar.'13 / 14:49

გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური სამსახურის უფროსი და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მდივნის მთავარი მრჩეველი საიმონ ფრეიზერი 12–13 მარტს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.

ფრეიზერი áƒžáƒ áƒ”მიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება ბრიტანეთის საელჩო თბილისში.

"საქართველოს საამაყო ბევრი რამ აქვს, მათ შორის მშვიდობიანად და დამოკრატიულად წარმართული ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა," განაცხადა ფრეიზერმა საქართველოში გამომგზავრებამდე, სადაც ის სომხეთიდან ჩამოვიდა. "მე მაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებ ვისაუბრო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბრიტანეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა ხელი შევუწყოთ პოზიტიურ კოლაბორაციას, როგორც ახლა, პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში, ასევე შემდგომ“.

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დევიდ მორანმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მაღალი რანგის დიპლომატის ვიზიტი „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცესა და მნიშვნელობას.

„ქართველ და ბრიტანელ მინისტრებს და მაღალჩინოსნებს შორის რეგულარული კონტაქტი არსებობს და მოუთმენლად ველი დამატებით ვიზიტებს ორივე მიმართულებით წელს მოგვიანებით“, – განაცხადა ელჩმა მორანმა. „ბრიტანელ და ქართველ მინისტრებსა თუ თანამდებობის მქონე პირთა შორის რეგულარული კონტაქტებია და ჩვენ ამ წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ რამოდენიმე ვიზიტს როგორც საქართველოში, ისევე ქართველი კოლეგების ვიზიტებს დიდ ბრიტანეთში.  როგორც საქართველოს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს პოზიტიურ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში და ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანულ ქართული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე“.

Civil.Ge © 2001-2024