პრეზიდენტმა ცხრა ახალი ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'13 / 18:06

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებებს ცხრა ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგია/ევროკავშირში, იტალიაში, ავსტრია/ეუთოში, უკრაინაში, ლატვიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის ეს  გადაწყვეტილება მოჰყვა მთავრობის კრიტიკას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ თითქმის ერთი თვის წინ მხარდაჭერილი ელჩების კანდიდატურების დანიშვნის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამ ქმედებას „ანტისახელმწიფოებრივი“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

ცხრა ელჩის კანდიდატურა პარლამენტმა 20 თებერვალს დაამტკიცა. ახალი კანდიდატები ფორმალურად პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა, როგორც ამას კანონი მოითხოვს, თუმცა რეალურად კანდიდატები პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობამ შეარჩია.

Civil.Ge © 2001-2024