ალასანია: საქართველო მალის ევროკავშირის მისიაში ჩართვას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Mar.'13 / 12:21

საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან მალიში მის სამხედრო წვრთნის მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 18 მარტს.

ევროკავშირმა თავისი მისია მალიში თებერვალში დაიწყო იმ მიზნით, რომ 200-ზე მეტი სამხედრო პირი გააგზავნოს, რათა მათ გაწვრთნან მალის სამთავრობო ძალები ისლამისტი აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, თავად მისია საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ალასანიამ ამ მისიაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე პირველი განცხადება შაბათ-კვირას გერმანიის მარშალის ფონდის ყოველწლიურ ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობის დროს გააკეთა.

„კარგა ხანია მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ ჩვენ მთავრობაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის áƒ£áƒ¤áƒ áƒ მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა სახის კონკრეტული, რა ფორმის თანამონაწილეობა ექნება საქართველოს“, - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მეტი ინფორმაცია დეტალების დადგენის შემდეგ გახდება საჯარო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მიიწვია თბილისი მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება.

გასულ ივნისს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ თბილისი კონსულტაციებს აწარმოებდა ევროკავშირთან საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

Civil.Ge © 2001-2024