ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მისმა ლიდერმა „პოლიტიკური სიბეცე“ გამოიჩინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'13 / 14:09

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა „პოლიტიკური სიბეცე“ გამოიჩინეს, როცა „უმადურად“ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ამით გაუშვეს შანსი, რომ “უფრო დიდი დივიდენდები მიეღოთ საზოგადოებიდან“.

21 მარტის სხდომაზე კოალიცია ქართული ოცნება, მიუხედევად იმისა, რომ ვერ ხედავდა ამის საჭიროებას, დათანხმდა ნაციონალური მოძრაობის წინადადებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრამდე სარეიტინგო გამოკითხვა ჩაატარა. ნაციონალურ მოძრაობას ეს პროცედურა იმის სადემონსტრაციოდ სჭირდებოდა, რომ ქართულ ოცნებას არ ჰქონდა საკმარისი ხმები (100 ხმა) და ისინი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღებდნენ ცვლილებებს. სარეიტინგო გამოკითხვის დროს ცვლილებების სასარგებლოდ 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო კენჭისყრაზე საკითხი 135 ხმით დამტკიცდა.

22 მარტს მთავრობის სხდომაზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეწინააღმდეგებოდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, თუმცა მან ურჩია, რომ დათანხმებოდა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის ამ „ახირებას“, რადგან „პრინციპულად ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლიდა“.

„შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა“, - განაცხადა მან.

„ეს ნიუანსი, რომ მე დავრეკე [უსუფაშვილთან] და შეცვალე პოზიცია, ეს მინდა რომ განგიმარტოთ. რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნებოდა პოლიტიკურად რომ არ დამერეკა, მაგრამ ადამიანურად ჯობდა, რომ არ დაგვეშვა ჩვენ არავითარი გამონაკლისი და შემთხვევა იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ძალიან დაბალი ალბათობით იყო ამის შესაძლებლობა, რომ ჩავარდნილიყო“, - განაცხადა მან, თუმცა ასევე დასძინა, რომ ცვლილები რომც ჩავარდნილიყო, ამით „არაფერი არ ემუქრებოდა საზოგადოებას, არც ჩვენ, გარდა ზედმეტი ემოციური დატვირთვისა“.    

თუმცა ამ კუთხით, მისი თქმით, მან ამჯობინა, რომ „პატარა ეჭვიც“ არ დაეტოვებინა, რადგან მას არ გააჩნია სურვილი, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩეს „საზოგადოების მიღმა“.

„შეიძლებოდა ნაციონალურ მოძრაობას, მათ წევრებს უფრო დიდი დივიდენდები მიეღოთ საზოგადოებიდან, თუ ისინი მოიქცეოდნენ ნორმალურად, ისევე როგორც მათი ლიდერი“, - განაცხადა მან. 

„ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მათი ნაბიჯი ისეთი ყოფილიყო, რომ საზოგადოებისგან ეს კარგად ყოფილიყო აღქმული“, - განაგრძო ივანიშვილმა, „შედეგად ხმები მისცეს, მაგრამ რაღაც უმადურად გამოვიდა - აი მარილი ვერ მოაყარეს. მე არ მგონია, რომ ეს საზოგადოებამ სიამოვნებით მიიღო“.

"ნაბიჯი გადაიდგა, ყველამ მხარი დავუჭირეთ, კარგი საკონსტიტუციო ცვლილება გატარდა და მე მგონი შედეგი შეეძლოთ ფრიადი მიეღოთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მათ ლიდერთან ერთად, მაგრამ გაჭირვებული სამიანი თუ მიიღეს ალბათ. ან თუ მიიღეს პოზიტივი, ისიც საკითხავია", - განაცხადა მან.

„რაც ჰქონდათ გასაცემი ამ საცოდავებმა გასცეს, მაგრამ ვერ მიიღეს მადლი ვერაფერი. მე მგონი, რომ ძალიან დიდი სიბეცე გამოიჩინეს პოლიტიკურად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ცვლილებების შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლო ისეთი განცხადება გაკეთებინა, რომ „დაახლოებოდა საზოგადოებას“, მაგრამ „გაუგებარი გამოსვლა გააკეთა, აგრესიული, ვიღაცეებს ემუქრება, რაღაცას იმუქრება“.

21 მარტს სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკას დაუთმო  და განაცხადა, რომ მისმა პარტიამ აჩვენა ერთიანობა, სიძლიერე და ის, რომ „ძალიან ბრძოლისუნარიანები ვართ“.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად პროცესები გაგრძელდება.

„მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა დასკვნებს გააკეთებს და უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს საკუთარ საზოგადოებას და ყოველგვარი ახირებების გარეშე შეიძლება, რომ მიიღონ მეტი ჩართულობა ამ პროცესებში, რასაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ წინ წავიწიოთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024