პრეზიდენტი და პარლამენტი იუსტიციის საბჭოს შესახებ კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'13 / 12:32

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა, რომ პარლამენტის ორშაბათის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეეტანა კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ, რომლის მთავარი კომპონენტიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლაა.

ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში, სავარაუდოდ, 3 აპრილის სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა 25 მარტს.

მიმდინარე კვირა სასესიო არ არის; ამიტომაც, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 22 მარტს სთხოვა პრეზიდენტს ორშაბათს რიგგარეშე სხდომა მოეწვია განსაზღვრული დღის წესრიგით, სადაც სხვა საკითხებთან ერთად შევიდოდა საკონსტიტუციო ცვლილებები  მესამე მოსმენით და საერთო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი ასევე მესამე მოსმენით, რომლის განახლებული პროექტიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 22 მარტს მიიღო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვირას განკარგულება გამოსცა 25 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე; რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი, როგორც პრეზიდენტი განსაზღვრავს, 49 საკითხს მოიცავს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენას; თუმცა ის არ შეიცავს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს.

ზოგიერთმა დეპუტატმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შემდგომ გადადებას, განაცხადა, რომ პრეზიდენტის უარი კანონპროექტის დღის წესრიგში შეტანაზე, არ უნდა გახდეს დაბრკოლება, რომ ის ორშაბათის რიგგარეშე სხდომაზე განიხილონ; თუმცა, როგორც დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა Civil.ge-ს ორშაბათს განუცხადა, საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი რიგგარეშე სხდომაზე არ განიხილონ.  

22 მარტს ტელეკომპანია „იმედდთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სასამართლო სისტემის არა რეფორმა, არამედ „ანტირეფორმაა“. დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, სააკაშვილმა დაიმუქრა, რომ მას ვეტოს დაადებდა.

როდესაც მას ინტერვიუს დროს ჰკითხეს კვლავ აპირებდა, თუ არა კანონპროექტზე ვეტოს დადებას, პრეზიდენტმა უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ დალოდებოდნენ, თუ როგორი იქნებოდა პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ იგი მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს, თუ პარლამენტი კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს“.

23 მარტს პრეზიდენტის სახელით საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით მთავრობა აპირებს, რომ სრულად დაიქვემდებაროს  სასამართლო სისტემა.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან უარი თქვეს კანონპროექტის მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები უგულებელყვეს.

ვენეციის კომისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმა საერთო ჯამში პროგრესს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის კუთხით, ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი შესაძლოა „არადამაკმაყოფილებელია“, მისმა მოქმედმა წევრებმა უნდა დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილების ვადები. თუმცა, კომისიამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია „დროებითი ზომების“ მიღება, რათა „არსებული საბჭო მისი დაკომპლექტების მომავალ მეთოდს დაუახლოვდეს“.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული განახლებული კანონპროექტი რამდენიმე ახალ დებულებას შეიცავს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ვიდრე ეს ადრე იყო. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციის  სრულად არ გათვალისწინება ხელს შეუშლის საქართველოს მიზანს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს ნოემბერში ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტისთვის. áƒ”ს განცხადება ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობის დეკლარაციას ეფუძნება; ნაციონალურ მოძრაობას ამ პარტიაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს. 14 მარტის დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და აცხადებს, რომ სხვა საკითხებთან ერთად ეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში შემდგომ პროგრესს შეუწყობს ხელს.

Civil.Ge © 2001-2024