ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'13 / 13:36

ძლიერმა ქარებმა ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით შენობის სახურავები დააზიანა და ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

აჭარის რეგიონში ძლიერმა შტორმმა ბათუმის ბულვარის გარკვეული ნაწილი დატბორა; გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ტალღამ ერთი მეთევზე იმსხვერპლა. 

ხელისუფლების განცხადებით, ძლიერმა ქარმა აჭარაში 150 სახლის და რამდენიმე სკოლის სახურავი გადახადა, ან ზოგ შემთხვევაში დააზიანა ისინი. 

ანალოგიური ზიანი მიადგა გორში 20 საცხოვრებელ სახლს და ოზურგეთში 50 სახლს; ძლიერმა ქარმა თბილისშიც დააზიანა, დაახლოებით, 60 შენობის სახურავი.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელიც ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სპეციალურ სამთავრობო ჯგუფს უძღვება, განაცხადა, რომ კვირას 100 000–ზე მეტი ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე; ელექტროენერგიის მიწოდება კვირას საღამოსთვის აბონენტების ნახევარს აღუდგა და სარეაბილიტაციო სამუშაები კვლავ მიმდინარეობს.

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორშაბათს გორს სტუმრობდა, სადაც მან ის ადგილები მოინახულა, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

Civil.Ge © 2001-2024