გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მართვის კომპეტენციას ენერგეტიკის უწყებისგან იბრუნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'13 / 16:07

პარლამენტმა 25 მარტს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მართვის ორი წლის წინ ჩამორთმეულ უფლებამოსილებებს დაიბრუნებს ენერგეტიკის სამინისტროსგან. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსგან გადაეცემა ბუნებრივი რესურსების მართვის, ასევე ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპეტენციები. ნავთობისა და გაზის სფეროების მართვა კვლავ ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში დარჩება.

სტრუქტურული რეორგანიზაციის  შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტრო დაიბრუნებს ასევე მის თავდაპირველი სახელწოდებას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ეწოდება; ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ამჟამინდელ სამინისტროს ისევ ენერგეტიკის სამინისტრო დაერქმევა. ეს ცვლილებები ასევე გამოიწვევს მინისტრების ფორმალურ ხელახალ დანიშვნას რეორგანიზებულ სამინისტროებში. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები 2011 წლის მარტში განხორციელებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეეკვეცა, რაც გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.

 

Civil.Ge © 2001-2024